სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

3692: დამწვარი ასოების კრიალოსანი

2017-04-19 21:40
Featured image

წერა და კითხვა: ჩემი ოჯახის ძალიან ქალური ტრადიციაა. ჩემი პუტკუნა ბებია — ციალა ერქვა, დატოვებდა ხოლმე თავის ზღვისპირა სახლს და ორ-სამ დღეში ბრუნდებოდა ამოუცნობი გზით ნაშოვნი იშვიათი წიგნებით. ბაბუმ — მოცისფრო-მოიასამნისფრო თვალები ჰქონდა, ღრმა — თბილი ხმა და ბოტოტა, ნაშრომი ხელები — შეუჭედა ხის თაროები განიერ ოთახში და ხისსურნელიანი ბიბლიოთეკა მოუწყო. ამ ამბის გადამკიდე, დამჩემდა, რომ ბიბლიოთეკის მოწყობა და წიგნის ჩუქება — სიყვარულის ყველაზე მგრძნობიარე გამოხატვაა. შენ ხომ მხოლოდ ნივთს არ ჩუქნი. ჩუქნი ბევრ ფიქრს — და ამ ფიქრით, შენთან ყოფნას, მაშინაც როცა მარტოა.

მედიკოც — მეორე ბებოც, ზღვისპირეთში ცხოვრობდა. ომის შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა დარჩენილიყო ნახევრად დამწვარ, უფანჯრო სახლში: ეზოში საფლავს ვერ ტოვებდა და ყოველ დღე როდესაც ვერ მიდიოდა (ჩვენთან სტუმრობისას) — ზურგს მომაქცევდა და ჩუმად ტიროდა მოსაღამოებულზე, დღის ფუსფუსი რომ გადაივლიდა. მერე ისევ ბრუნდებოდა გადამწვარ სახლში, სადაც იარაღიანი ხალხი აშინებდა შერჩენილ მოსახლეობას. სახლიდან გვიგზავნიდა ხელით შეკერილ, მანდარინის სურნელიან მოჩითულ ტომრებში თხილს: მოუთმენლად გავქექავდი ხოლმე ტომარას და თხილში ვეძებდი ჩამალულ წერილებს. წერილებს გვწერდა გაყვითლებულ ძველ ქაღალდებზე, ნესტისგან დარბილებული იყო და ნაკეცებში გაცვეთილი, გრილი შესახებად, თხილის სურნელი რომ ჰქონდა აკიდებული. ერთ-ერთ წერილში, დედას მიწერა ძველი შელოცვა, რომელიც ბავშვებს ბოროტი სულებისგან იცავს: სანახევროდ წარმართული, სანახევროდ ქრისტიანული. მისი ბებიის ბებიის ბებიამ — ვინ უწყის რა დროიდან, გადმოსცა. ყოველი ძილის წინ, დედა ბუტბუტებდა ამ შელოცვას, ისე რომ სიტყვებს ვერ ვარჩევდი: თურმე არ შეიძლება სხვამ იცოდეს სიტყვები, თორემ, ძალას კარგავს. მხოლოდ დედიდან გოგოზე გადადის ამ შელოცვის ტექსტი.

თუ ერთისთვის წიგნები და წერა იყო ურთიერთობა — მეორესთვის — მარტოობა. ოღონდ, რომელი რომლისთვის? დღესაც ვფიქრობ. და რა კარგია მარტო ყოფნა — არსებობდე სხვისი ფსიქოლოგიური სისტემის, წარმოდგენების მიღმა: the delight of not being defined by others. მაგრამ ცუდია მარტო ყოფნა: ჩიხია, ცალმხრივი ‘დეპეშა’, დეფექტიანი პერპეტუმობილე. რას შეუძლია მოგანიჭოს მარტოობა, მაგრამ ურთიერთობიანი მარტოობა? წიგნს.

მეც ასე ვარ: ვიწყებ კითხვას, სულერთია რა თემაზე: ჰოკინგის ასტროფიზიკა, ვერმერის ბიოგრაფია, ვაჟა, პოპულარული ეკონომიკა, რუმი, ჩინეთის გეოპოლიტიკა, ყურანი თუ ბიბლია. ქაოტურ გონებას იმორჩილებ კითხვის აუცილებლობით და ბუტბუტით თვითჰიპნოზი იწყება, მედიტაცია, დამშვიდება. რა შინაარსსაც არ უნდა კითხულობდე, გადმოგაქვს წიგნის სტრუქტურა, წყობა: იქამდე ატრიალებ სიტყვებს, ფიქრებს, აზრებს, გადაარჩევ კრიალოსანივით, სანამ არ დამშვიდდები. ამიტომაც გაძლიერებს წიგნი. გალაგებს. არ არის საჭირო დაიმახსოვრო ავტორი, სათაური, შინაარსი, წელი. უფრო სასიამოვნოა, შეუშვა შენში წიგნის ‘სურნელი’ და ნალექი დატოვოს სადღაც შეგრძნებებში. ამოიკითხო წიგნის ფორმულა, რომელშიც საკუთარ ციფრებს ჩასვამ და ამოხსნი შენს თავს. არის რაღაც ძალიან ინტიმურად მაგიური წიგნში, რომლის ფურცლებიდან ინფორმაციას კითხულობ არა მხოლოდ თვალებით არამედ თითებით, სურნელით: მიკროკოსმი, მოქცეული პაწაწინა ხუჭუჭა ასოებში.

ამიტომ, წიგნი საუკეთესო საჩუქარია ადამიანისთვის, ვისაც ემოციურად უჭირს, ვისაც ერთულება ცხოვრება — და ასეთები, სხვადასხვა სიმძაფრით და სიხშირით, მაგრამ ყველანი ვართ.

საინტერესოა, რომ ასეთი განცდა ბევრისგან მსმენია, ჩემთვის საპატივცემულო ადამიანებისგანაც, ვინც კამპანიას #წიგნებისაქართველოდან შემოუერთდნენ:

გიორგი კეკელიძე — „წიგნი არის ემოციის, გამოცდილების და ცოდნის მატარებელი.“

ლია ლიქოკელი — „დიზაინი წიგნის მნიშვნელოვანი იყო, ლექსის წაკითხვა ინტერნეტითაც შეგიძლია, მაგრამ ეს ხომ ნივთიცაა, რომლის ქონაც უნდა გიხაროდეს.“

ცირა ელისაშვილი — „რამხელა სიკეთეა, როცა გეძლევა შესაძლებლობა სრულიად უცნობი, სამშობლოდან შორს მყოფი ადამიანისთვის შეარჩიო წიგნი, რომელსაც ქართული სიტყვის გარდა ანონიმურ სიყვარულსაც ატან.“

ამასთან, პიროვნული მნიშვნელობის მიღმა — წიგნი ასევე არის ერთად ყოფნის შესაძლებლობაც. წიგნის კუთხეს აქვს ძალა შემოიკრიბოს ორი, სამი, ოთხი — მეტი ადამიანი; გახდეს საუბრის, ურთიერთობის, შეკრების კერა, სადაც ადამიანები ერთმანეთის მოსმენას ისწავლიან, გვერდში დაუდგებიან ერთმანეთს და ააშენებენ უფრო მეტს, ვიდრე ერთი ადამიანი შეძლებდა მარტო: შეკრულ საზოგადოებას. ხოლო ის, რაც შეძლებს შეკრიბოს ადამიანები ერთად, თავისუფლების, და არა დოგმის გარშემო — უკვე სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ამოცანაა. ციალას 3692 წიგნს ერთი კვირა წვავდნენ, ჩვენი ზღვისპირა სახლის სურნელიან ბაღში.

საქმე იმაშია, რომ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ყველანი ვხვდებით, რომ წიგნების შეგროვებით ემიგრანტებს უბრალოდ წიგნებს არ ვუგზავნით. ვუგზავნით ბევრად მეტს — თუ რას, ეს თავად წიგნის მიმღებმა განსაზღვროს. წიგნი ხომ დოგმა არ არის: წიგნი მარტოობა, ურთიერთობა და თავისუფლებაა — გააჩნია, ვის რისი მიღება უნდა მისგან.

2017 წლის მაისის ბოლომდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დატოვოს წიგნი თავისი წარწერითვე — საიას ნებისმიერ ოფისში, რომლებიც შეგროვდება ერთიან წიგნის ბანკში და გაეგზავნება ემიგრანტებს. იხილეთ მეტი: #წიგნებისაქართველოდან ან მოგვწერეთ.

 

 

 

თეონა მაჭარაშვილი საიას იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას