2022 წლის შუალედური არჩევნების მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, საია საზოგადოებას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 12 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას აცნობს. დამკვირვებლების მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას ძირითადი ტენდენციების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა უბნის მოწყობის, უბნის გახსნის და კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის დროს, ასევე უბნების პერიმეტრზე.
საარჩევნო უბნების უმრავლესობა დროულად გაიხსნა. გამონაკლისია ორი უბანი, ბათუმის 23-ე და 76-ე უბნები, სადაც ვერიფიკაციის აპარატს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. თუმცა, იგი მალევე აღმოიფხვრა და ამომრჩევლებს, 08:16 წუთზე, ორივე უბანზე, შეეძლოთ ხმის მიცემა. Რამდენიმე უბანზე დაირღვა საარჩევნო უბნების მოწყობის წესი, რადგან ამომრჩეველთა რაოდენობა 1500-ს აჭარბებდა.
კენჭისყრის მიმდინარეობისას შეინიშნებოდა ხალხმრავლობა როგორც უბნების შიგნით, ასევე მის გარეთ. უბნების შიგნით სიმჭიდროვე (მაგ. 58-ე, 78-ე, მე-100 და 104-ე უბნებზე), ძირითადად, გამოწვეული იყო უბნის სივიწროვით და კომისიების წევრებისა და დამკვირვებლების დიდი რაოდენობით. ეს არ იძლეოდა სრულფასოვნად დაკვირვების შესაძლებლობას.
Ცალკეულ უბნებზე დაფიქსირდა რიგები უბნის შესასვლელთან. Საიას დამკვირვებლებმა 100-ე და 76-ე უბნებთან დააფიქსირეს სამარშრუტო ტაქსები, რითაც ხდებოდა ამომრჩეველთა უბნებზე გადმოყვანა.
უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა აგიტაციის მცდელობის 2 შემთხვევა:
- მე-100 უბანთან უბნის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა მოუწოდა ამომრჩეველს, შემოეხაზა 41. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, ამ პირმა დატოვა ტერიტორია;
- 104-ე უბანზე შესულ ამომრჩეველს ხელში ეჭირა სპეციალურად დაბეჭდილი სააგიტაციო მასალა, რომელზეც პარტია „ნაციონალური მოძრაობის” რიგითი ნომრის გასწვრივ ეწერა “ომის პარტია”, ხოლო ბიულეტენის ინსტრუქციის ადგილზე იყო მოწოდება, რომ ამომრჩეველს “გაეფერადებინა” ქართული ოცნების კანდიდატის - რამაზ ჯინჭარაძის გასწვრივ არსებული წრე. სავარაუდოდ, ამომრჩეველებს ეს სააგიტაციო მასალა პერიმეტრზე დაურიგდათ. თავმჯდომარის რეაგირების შედეგად, დარღვევა აღმოიფხვრა.
პერიმეტრის რეგულაციების დარღვევაზე რეაგირების მიზნით, საიამ ორ შემთხვევაში მიმართა სამართალდამცავ პირებს:
- 77-ე უბნიდან 10 მეტრში მობილიზებული იყვნენ პირები. Პოლიცია დროულად გამოცხადდა ადგილზე, თუმცა, სამართალდარღვევის ოქმი არ შეადგინა, რადგან, მისი განმარტებით, ადგილზე შეკრებილ პირებს უბანზე ყოფნის უფლებამოსილება ჰქონდათ და მათ ვერ დააჯარიმებდა. ნების კონტროლის რეგულაციები ადამიანების შეკრებაზე უნდა გავრცელდეს, მათ შორის კენჭისყრის შენობაში უფლებამოსილი პირების გარეთ შეკრებაზეც, თუ ისინი იკრიბებიან, ფიზიკურად აფერხებენ ან აღრიცხავენ ამომრჩევლებს;
- მე-100 უბანთან დაფიქსირდა შეკრების შემთხვევა. Საიას დამკვირვებელმა იქვე მდგომ პოლიციელებს შეატყობინა. პოლიციის რეაგირების შედეგად, ეს პირები დაიშალნენ.
საიამ ამ დრომდე 2 შენიშვნა დააფიქსირა:
- მე-100 უბანზე კომისიის წევრებმა დატოვეს უბანი;
- 90-ე უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა უბანზე დაუშვა ამომრჩეველი, რომელსაც უკვე ჰქონდა მარკირება გავლილი და ხმაც ჰქონდა მიცემული ამავე უბანზე. ეს დარღვევა თავმჯდომარის რეაგირების შედეგად აღმოიფხვრა.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში დაფიქსირდა შემდეგი ხარვეზი - სპეციალურ ბიულეტენზე მარკერით გაფერადების შედეგად სითხე გადადის გვერდის უკანა მხარეს. კონვერტში ბიულეტენი, ხშირად, სრულად არ არის მოთავსებული, უკანა გვერდზე გადასული მონიშნული რგოლის მდებარეობის მიხედვით, შესაძლებელია, გაირჩეს შემოხაზული კანდიდატი, განსაკუთრებით იმ პირობებში როდესაც სულ 2 კანდიდატია. საიას დამკვირვებლებმა 77-ე, 78-ე, მე-100 და 104-ე უბნებზე კომისიის წევრებს მიუთითეს, რომ გააფრთხილონ ამომრჩევლები, რათა ხმის დაფიქსირებამდე, სათანადოდ მოათავსონ ბიულეტენი კონვერტში.
საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს:
2022 წლის 2 აპრილს საია სრულად დააკვირდება ბათუმის საკრებულოს 79.04 მაჟორიტარულ ოლქში გასამართ შუალედურ არჩევნებს.
არჩევნების დღეს საიაში მუშაობს ცხელი ხაზი ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სურს, მიიღოს სამართლებრივი დახმარება საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ. დღის განმავლობაში, იმუშავებს საიას რუსთავის ოფისიც.
ცხელი ხაზის ნომერია: 577 07 05 67
Რუსთავის ოფისის ნომერი: 577 07 05 26
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის შესახებ, საია, დღის განმავლობაში მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას.