2021 წლის ბოლოს, პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, დაჩქარებული წესით, რამდენიმე მნიშნელოვანი ცვლილება შეიტანა. სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო აქტორები აკრიტიკებდნენ, როგორც კანონპროექტის დაჩქარებული პროცედურით მიღებას, ასევე დოკუმენტის შინაარსს. კანონპროექტით იცვლებოდა მოსამართლეთა დანიშვნის, მივლინების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი და სხვა საკითხები.
დოკუმენტი ცდილობს კვლევითი ვაკუუმის შევსებას დისციპლინური პასუხისმგებლობის ნაწილში. კვლევა მიმოიხილავს თუ რამდენად შეესაბამება 2021 წლის ცვლილებები საუკეთესო პრაქტიკას, მათ შორის: გაეროს, ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაცისა და სხვა ორგანიზაციების დამკვიდრებულ წესებს.
კვლევის შესაბამისად, 2021 წლის ცვლილებები ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შესანარჩუნებლად საჭირო საერთაშორისო სტანდარტებს. ცვლილებები პრობლემურია პროცედურის მხრივ, რადგან პარლამენტმა კანონი დაჩქარებული წესით მიიღო, საჯარო განხილვების გარეშე. გარდა ამისა, ახალი მოწესრიგების შესაბამისად, სასამართლოს კონტროლის დამატებითი ბერკეტები ეძლევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება გააგზავნოს მოსამართლე ქვეყნის ნებისმიერ სასამართლოში, მოსამართლის თანხმობის გარეშე 4 წლამდე ვადით, დასაბუთების და დამატებითი ფაქტორების გათვალისწინების გარეშე.
მოცემულმა ანალიზმა ცხადყო მნიშვნელოვანი აცდენა საქართველოში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკას შორის. 2021 წლის ცვლილებები საგანგაშოა ქართული პოლიტიკური კონტექსტის გაუთვალისწინებლადაც. ობიექტურად, მოცემული ცვლილებები არადემოკრატიულია, იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას.