სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2021 ᲬᲚᲘᲡ ᲐᲓᲒᲘᲚᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲗᲕᲘᲗᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲐᲠᲩᲔᲕᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲔᲝᲠᲔ ᲢᲣᲠᲘᲡ ᲙᲔᲜᲭᲘᲡᲧᲠᲘᲡ ᲓᲦᲘᲡ ᲓᲐᲙᲕᲘᲠᲕᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲓᲔᲒᲔᲑᲘ 16:00 ᲡᲐᲐᲗᲘᲡᲗᲕᲘᲡ

2021-10-30 17:25
Featured image

 

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საია საზოგადოებას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 16 საათის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს აცნობს. ჩვენს დამკვირვებლებზე დაყრდნობით,  წარმოგიდგენთ ინფორმაციას საარჩევნო გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც კენჭისყრის მიმდინარეობის დროს საარჩევნო უბნებსა და გარე პერიმეტრებზე გამოვლინდა.

გრძელდება პირველი ტურის ტენდენცია, რომელიც გარკვეულ უბნებზე საიას დამკვირვებლებისთვის დაბრკოლებების შექმნაში გამოიხატება როგორც კომისიის წევრების, ისე სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან:

·       რუსთავის მე-20 უბანზე რეგისტრატორი იწერდა გამოცხადებული ამომრჩევლის რიგით ნომრებს, რაზეც, არაერთი ზეპირი გაფრთხილების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც დამკვირვებელმა ჩანაწერთა წიგნში დარღვევა დააფიქსირა, კომისიის წევრებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;

·       სენაკის 41-ე უბანზე დამკვირვებელს, არაერთი თხოვნის მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარე დამდივანი ხელს უშლიდნენ მოვალეობის შესრულებაში და არ აძლევდნენ უფლებას, რომ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს გასცნობოდა;

·       სენაკის მე-13, მე-14 და 72-ე უბნებზე საიას დამკვირვებლებს არ აძლევენ თავისუფლად გადაადგილებისა და დაკვირვების საშუალებას.

გარდა ამისა, დარღვევები გამოვლინდა სხვადასხვა მიმართულებით:

·       რუსთავის 50-ე უბანზე რეგისტრატორი ინიშნავდა გამოცხადებული ამომრჩევლის რიგით ნომერს სამაგიდო სიაში;

·       მარტვილის 35-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე კაბინაში შეჰყვა მოქალაქეს და, მისი თქმით, დახმარების მიზნით დაესწრო ხმის მიცემის პროცესს;

·       ნაძალადევის 74-ე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამოუყენებელი ბიულეტენები აკლდა, კერძოდ, 40 ბიულეტენიდან 35 იყო გამოყენებული, დარჩენილი 5-დან 3 დაიკარგა.

ზოგიერთ შემთხვევაში საიას დამკვირვებლებმა აღრიცხეს დარღვევები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობით შენიშვნის შემდეგ გამოსწორდა, მაგალითად: მარკირების წესების დაუცველობა, ამომრჩეველთა ნების კონტროლი, გადასატანი საარჩევნო ყუთის დაულუქავ მდგომარეობაში დაბრუნება, საჯაროდ გამოსაქვეყნებელი საარჩევნო დოკუმენტაციის (ბიულეტენის შევსების და ბათილობის წესები, სადემონსტრაციო ოქმის მონაცემები და გადასატანი ყუთის სია) არასათანადოდ განთავსება, ფოტო/ვიდეოგადაღება იმგვარად, რომ შესაძლებელია ამომრჩეველთა იდენტიფიკაცია, არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბნის ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ, წინა არჩევნების მსგავსად, გრძელდება ჟურნალისტებზე ზეწოლა და  საქმიანობაში ხელშეშლა. რამდენიმე შემთხვევაში მოვლენების გაშუქებისას ჟურნალისტებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მისცეს შესაძლებლობა, თავისუფლად შეესრულებინათ თავიანთი პროფესიული მოვალეობა.

 

16 საათის მდგომარეობით, დარღვევების შესაბამისად, საიას დამკვირვებლებმა დღის მანძილზე 17 საჩივარი და 9 შენიშვნა დაწერეს.

 

საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ქვეყნის მასშტაბით 9 მუნიციპალიტეტში 300-მდე საოლქოდა საუბნო დამკვირვებელი ჰყავს.

არჩევნების დღეს საიაში მუშაობს ცხელი ხაზი  ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სურს, მიიღოს სამართლებრივი დახმარება საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.  

ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობაზე საია დღის განმავლობაში 3 პრესკონფერენციას ჩაატარებს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში. პრესკონფერენცია კენჭისყრის დღეს 12:00, 16:30 და 21:00 საათზე გაიმართება.

საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.