სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

2018-10-27 14:04
Featured image

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

 

1 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 28 ოქტომბერი განსაზღვრა. ოფიციალური საარჩევნო კამპანია 28 აგვისტოს, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე დაიწყო და არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად მეტად ინტენსიური და დაძაბული გახდა.

წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად კანდიდატების ურთიერთბრალდებებსა და ერთმანეთის საწინააღმდეგო აგიტაციაზე იყო ორიენტირებული. მიმდინარე არჩევნებზე გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან უპრეცედენტო მასშტაბის კოორდინირებულ თავდასხმებს, რომელსაც თან ახლდა მადისკრედიტირებელი კამპანია სოციალურ ქსელებში. სოციალური მედიის საარჩევნო გარემოზე გავლენის მხრივ, გამოწვევა იყო „ფეისბუქზე“ ძირითადი საპრეზიდენტო კანდიდატების და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაცია ორგანიზებული გვერდებისა და დასპონსორებული საინფორმაციო მასალის მეშვეობით. წინასაარჩევნო კამპანიის ინტენსივობის ზრდასთან ერთად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ცნობილი გახდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ზეწოლა-მუქარის შემთხვევები, რაც თანასწორი საარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელია. ადგილი არ ჰქონია ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების მასშტაბურ ფაქტებს, თუმცა კამპანიის ხელშეშლის მცდელობები ცალკეულ შემთხვევებში დაპირისპირებაში გადაიზარდა.

საარჩევნო პერიოდს თან ახლდა სხვადასხვა სახის მაკომპრომეტირებელი ჩანაწერების გავრცელება. მათ შორის ყველაზე რეზონანსული ჩანაწერები ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეებს უკავშირდებოდა და ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს ბიზნესებზე ზეწოლაში, სავარაუდო კორუფციულ გარიგებებსა და სხვა დანაშაულებში ადანაშაულებდა. ჩანაწერებში ასევე საუბარი იყო საარჩევნოდ მმართველი პარტიის სავარაუდო დაფინანსების არალეგალური სქემის შესახებ. გამოთქმულმა ბრალდებებმა ქვეყანაში ელიტური კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის მიმართულებით საფუძვლიანი ეჭვები გააჩინა.

 

ზეწოლა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მომდინარე უპრეცედენტო კოორდინირებული თავდასხმის პირობებში უწევდათ საქმიანობა. წინასაარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები არჩევნებში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელების მხრიდან დაიწყო[1], ხოლო მოგვიანებით ხელისუფლების და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ყოველდღიური ვერბალური თავდასხმებით გაგრძელდა.[2] თავდასხმების ძირითადი რიტორიკა არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკურად ანგაჟირებულობასა და მიკერძოებულობაში დადანაშაულებას ისახავდა მიზნად. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე პერსონალურ თავდასხმებს, მათ შორის არჩევნებამდე ორი დღით ადრე. შესამჩნევი იყო ხელისუფლების მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევის და მათთვის დღის წესრიგის განსაზღვრის მცდელობები. ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს თან გასდევდა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების წინააღმდეგ დასპონსორებული მადისკრედიტირებელი კამპანია სხვადასხვა ანონიმურ „ფეისბუქ“ გვერდებზე.

 

ზეწოლა/მუქარა: წინასაარჩევნო კამპანიის ინტენსივობის ზრდასთან ერთად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის ცნობილი გახდა ზეწოლისა და მუქარის შემთხვევები სხვადასხვა რეგიონებში. საჯარო სამსახურებსა და მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიების შეგროვებას სთხოვდნენ და ავალებდნენ მათ მიერ წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიაში მითითებული პირების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის უზრუნველყოფას. აღნიშნული ფაქტები, ზეწოლისა და იძულების გარდა ასევე შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს. ასევე ადგილი ჰქონდა ზეწოლისა და იძულების სხვადასხვა შემთხვევებს, მათ შორის, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ დახმარებების მოხსნის მუქარას, თუ ისინი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას არ დაუდასტურებდნენ.

 

ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება: წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი არ ჰქონია ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების მასშტაბურ ფაქტებს, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენდა რამდენიმე მუნიციპალიტეტში სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრების პარალელურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ ტრანსპარანტებისა და შეურაცხმყოფელი შეძახილების ფონზე გამართული საპროტესტო აქციები, რომლებიც სამ შემთხვევაში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავი ორგანოების მობილიზების მიუხედავად ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები ვერ აღიკვეთა.

 

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება: გარდა სამსახურეობრივად დაქვემდებარებული პირების საარჩევნო ღონისძიებებში ჩართვის და მხარდამჭერთა სიების მოგროვების მითითებებისა, ტენდენციას წარმოადგენდა საჯარო მოხელეების მობილიზება მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის კამპანიურ ღონისძიებებზე. ასევე, ცალკეულ შემთხვევებში, შესამჩნევი იყო ადმინისტრაციული ორგანოების საკომუნიკაციო საშუალებების მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება.

 

აგიტაცია სოციალურ ქსელებში:  წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით „ფეისბუქის“ პირად გვერდებზე აგიტაციის არაერთი შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ მემორანდუმში სოციალური ქსელებით აგიტაცია სამუშაო საათებში ადმინისტრაციული რესურსის კონტექსტში განიმარტა[3], სამწუხაროდ, აღნიშნულ შემთხვევებზე საარჩევნო ადმინისტრაციას ეფექტური რეაგირება არ ჰქონია.

წინასაარჩევნოდ სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით გააქტიურდა ანონიმური გვერდები, რომლებიც სხვადასხვა კანდიდატისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ შეურაცხმყოფელ, სიძულვილის ენის შემცველ და ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. მსგავსი კამპანიები მთელ რიგ შემთხვევებში დასპონსორებული იყო და ორგანიზებული სახე ჰქონდა.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია: საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებით დაკომპლექტებამ და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევმა კონკურსებმა ლეგიტიმური კითხვები გააჩინა ამ პროცესში პოლიტიკური გავლენებისა და ნეპოტიზმის შესახებ. 73 საოლქო კომისიაში შერჩეული დროებითი წევრებიდან, 14 შემთხვევაში გამოიკვეთა შერჩეული პირების ნათესაური კავშირები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, ხოლო 8 შემთხვევაში საოლქო კომისიებში პ/გ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ან აქტივისტი აირჩა[4]. არასაკმარისად გამჭვირვალე იყო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიებს არც ერთ ოლქში კონკურსანტებთან გასაუბრება არ ჩაუტარებიათ. კონკურსის გამოცხადებას წინ უძღვოდა კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სატელეფონო საუბრის გახმაურებული ჩანაწერის გავრცელება, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, ოლქის თავმჯდომარე ადასტურებდა, რომ ის საუბნო კომისიების კანდიდატურებს „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსთან ათანხმებდა. ჩანაწერების გავრცელების შემდგომ საოლქო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.

წინასაარჩევნო პერიოდში პრობლემური იყო საარჩევნო დავების განხილვაც. ხშირ შემთხვევებში, სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები იღებდნენ სამართლებრივად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო დავების განხილვისას გამოიკვეთა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები უმრავლეს შემთხვევაში, სრულყოფილად არ სწავლობდნენ საჩივრებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, არაჯეროვნად ატარებდნენ ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისად, იღებდნენ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის შესახებ. კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებისას, შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ პოტენციური სამართალდამრღვევების პოზიციების გათვალისწინებით და გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ მათ მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებების საფუძველზე. არ იკვლევდნენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას და თავის გადაწყვეტილებას აფუძნებდნენ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვისას, არ იცავდნენ „საარჩევნო დავების სახელმძღვანელოს“ მიხედვით განსაზღვრულ პროცედურას, რომლის თანახმადაც, „წარდგენილ განცხადებას/საჩივარს ზეპირი მოსმენით ერთპიროვნულად იხილავს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, რის თაობაზეც დგება ზეპირი მოსმენის ოქმი.

 

კანდიდატების რეგისტრაცია: არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციას 46-მა საარჩევნო სუბიექტმა/საინიციატივო ჯგუფმა მიმართა და პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინა. საბოლოოდ, რეგისტრაცია 25 - მა პრეზიდენტობის კანდიდატმა გაიარა.  ტენდენციად გამოიკვეთა ე.წ. „ტექნიკური კანდიდატების“ დასახელება, რომელთა მიზანი არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ სხვა კანდიდატის მხარდაჭერა და საარჩევნო სუბიექტებისათვის დამატებითი რესურსის (დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სარეკლამო დრო) მოპოვება იყო. ე.წ. „ტექნიკური კანდიდატების“ რესურსებით სარგებლობდა თითქმის ყველა ძირითადი კანდიდატი.

 

უწყებათაშორისი კომისია: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიისადმი ნდობა საგრძნობლად დააზიანა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა და არაკონსტრუქციულმა რიტორიკამ. კომისიის თავმჯდომარე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმოდგენილ დარღვევებზე რეაგირების ნაცვლად არაპროფესიონალურ, ცინიკურ და აგრესიულ დამოკიდებულებას იჩენდა. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში კონსტრუქციული თანამშრომლობისა და წინასაარჩევნო პროცესის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით საქმიანი დისკუსიის რესურსი ამოიწურა, საიამ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ უწყებათაშორისი კომისია პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მიუხედავად წარსულში გამოცემული პოზიტიური და პროგრესული რეკომენდაციისა, ეს ფორმატი ვერ უზრუნველყოფს დარღვევების ეფექტურ პრევენციას რეკომენდაციების შესრულების არასავალდებულო ხასიათის, მათი მონიტორინგის მექანიზმისა და პოლიტიკური ნების არარსებობის გამო და სამომავლოდ საჭიროებს ძირეულ რეფორმას.

 

მედია გარემო: მედია გარემო წინასაარჩევნო პერიოდში პლურალისტული იყო და ტელევიზიების უმეტესობა აქტიურად აშუქებდა საპრეზიდენტო არჩევნებს. მოსახლეობისათვის ინფორმაციის მთავარ წყაროდ პოლიტიკურ თემებზე კვლავ კერძო ტელევიზიები რჩება, თუმცა მაუწყებლების პოლარიზებული სარედაქციო პოლიტიკა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოაწყო პოლიტიკური დებატები, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატები მონაწილეობდნენ და აცნობდნენ მაყურებლებს საკუთარ პროგრამასა თუ პოზიციას მნიშვნელოვან თემებზე. წინასაარჩევნოდ არ გამოვლენილა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის ან ზეწოლის ფაქტები, თუმცა ხშირი იყო კრიტიკული მედია ორგანიზაციების, განსაკუთრებით „რუსთავი 2”-ის მიმართ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმები.

წინასაარჩევნო მედია გარემოზე უარყოფითად აისახა ტელეკომპანია „იბერიას” ფაქტობრივი დახურვა. ტელეკომპანიის მფლობელების სხვა ბიზნესთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემების გამო არხმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ახალი ამბებისა და პოლიტიკური გადაცემების მაუწყებლობა შეაჩერა.

პრობლემური იყო საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება. კერძოდ, კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქების კუთხით მაუწყებლებს, კანონთან შეუსაბამო მოთხოვნები წაუყენა. გარდა ამისა, გაუგებარი იყო კომისიის პოზიციები ზოგიერთ პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით, რამაც შთაბეჭდილება დატოვა, რომ მისი გადაწყვეტილებები შეგნებულად იყო მიკერძოებული ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე რამდენიმეჯერ გამოირჩა იმით, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საარჩევნო ანგარიშები რამდენჯერმე არაეთიკურად გააკრიტიკა.

 

საარჩევნო კამპანიის დაფინანსება: წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც პარტიების დაფინანსების მონიტორინგზეა პასუხისმგებელი, შესაძლო დარღვევებზე რეაგირებას ახდენდა, თუმცა ჯერ-ჯერობით არც ერთ ძირითად შემთხვევაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საარჩევნო სუბიექტების ანგარიშგებების სრულყოფილად შევსება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც უკვე წლებია ვერ ახერხებს ამ პრობლემის აღმოფხვრას. განსაკუთრებულად რთული მდგომარეობა არის ხარჯებზე ზედამხედველობის კუთხით.

1 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა და კვალიფიციური პარტიების მიერ წარდგენილმა ხუთმა ძირითადმა კანდიდატმა მთლიანობაში 7 მლნ ლარამდე ოდენობის შემოსავალი მიიღეს და დაახლოებით ამდენივე დახარჯეს. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული შემოსავლები დაახლოებით სამჯერ აღემატებოდა გრიგოლ ვაშაძის და ერთნახევარჯერ - ხუთი ძირითადი კვალიფიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების ერთად აღებულ შემოსავლებს. იგივე მდგომარეობა იყო ხარჯების კუთხითაც.

ოქტომბრის დასაწყისში საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 2 და 3 ოქტომბერს ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკების 15-მდე ექიმის მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაღებულმა შემოწირულობებმა. ამ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მესამე პირის მეშვეობით განხორციელებულ შემოწირულებას, რაც ქართული კანონმდებლობით აკრძალულია და ითვალისწინებს ჯარიმას შეწირული თანხის ორმაგი ოდენობით.

რვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი კუთვნილ უფასო სარეკლამო დროს სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს უთმობდა, რაც შემოწირულებად უნდა იქნეს მიჩნეული. ეს კი ქართული კანონმდებლობით აკრძალულია.

 


[1] ISFED კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს პასუხობს, ISFED, 15 სექტემბერი 2018, http://www.isfed.ge/main/1411/geo/ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში, ISFED, 13 სექტემბერი 2018, http://www.isfed.ge/main/1409/geo/;

საია ცესკოს თავმჯდომარეს პასუხობს. საია, 21 აგვისტო, 2018; https://gyla.ge/ge/post/saias-pasukhi-ceskos-tavmjdomares#sthash.WhTfbiQO.dpbs

საია თეა წულუკიანს პასუხობს. საია, 28 აგვისტო, 2018 https://gyla.ge/ge/post/saias-pasukhi-iusticiis-ministrs#sthash.pY97PTPv.dpbs

[2] ირაკლი კობახიძე მესამე სექტორზე, რუსთავი 2, 2 ოქტომბერი 2018, http://rustavi2.ge/ka/news/115128

წულუკიანი: ეს 13 NGO რეალურად პოლიტიკური პარტიები არიან და მზად ვართ დავარეგისტრიროთ, ტაბულა, 3 ოქტომბერი 2018, http://tbl.ge/35wj;

კახა კალაძე - არასამთავრობოთა განცხადებები ტენდენციურია და რეალურად არ ასახავს საარჩევნო პერიოდში არსებულ პრობლემებს, პირველი არხი, 6 ოქტომბერი 2018, https://bit.ly/2OK3SXi;

სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობოების შესახებ, პირველი არხი, 5 ოქტომბერი 2018, https://bit.ly/2QBcehs

ირაკლი კობახიძე "ფაშიზმის თანამონაწილედ" მიიჩნევს არასამთავრობოთა ზოგიერთ წარმომადგენელს, რადიო თავისუფლება, 8 ოქტომბერი 2018, https://bit.ly/2yFb0ez

ვიდეო ნაწყვეტი კოპენჰაგენში გამართული საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციიდან, სადაც თეა წულუკიანი სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების დისკრედიტაციას ეწევა: https://www.facebook.com/TransparencyInternationalGeorgia/videos/191375408422176/

[3] ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ: http://cesko.ge/geo/list/show/114737-urtiertshetankhmebis-memorandumi-2018-tslis-28-oqtombris-archevnebistvis-administratsiuli-resursebis-gamokenebis-shesakheb

[4] წინასაარჩევნო მონიტორინგის I შუალედური ანგარიში, ISFED, 13 სექტემბერი 2018, http://www.isfed.ge/main/1409/geo/