სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს წინაშე ვართაზარ ეგიაზარიანის წინააღმდეგ სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა

2015-12-18 11:16
Featured image

2015 წლის 24 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ეგიაზარიანი საქართველოს წინააღმდეგ გამოიტანა განჩინება,[1] რომელიც სასამართლოს ვებგვერდზე 2015 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნდა. ევროპული სასამართლოს წინაშე ვართაზარ ეგიაზარიანს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) წარმოადგენდნენ. სასამართლომ მიღებული განჩინებით აღნიშნული საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა.

საჩივარი ეხება „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ მოვლენებს. 2004 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმდროინდელი ხელისუფლების მეთაურის, ასლან აბაშიძის ბრძანებით, დაინაღმა აჭარის შესასვლელთან მდებარე ჩოლოქის ხიდი, ნაღმები ასევე განთავსდა აჭარის მთელ ტერიტორიაზე.

2004 წლის 21 აგვისტოს მომჩივანი, ვართაზარ ეგიაზარიანი, დასასვენებლად იმყოფებოდა აჭარის ტერიტორიაზე, დაბა ჩაქვში. ზღვისპირა ზოლზე მანქანით გავლისას, ეგიაზარიანი აფეთქდა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე, რის შედეგადაც ჩაუტარდა ორივე ფეხის ამპუტაცია. 2005 წელს მომჩივანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა. იგი დავობდა, რომ შსს ფლობდა ინფორმაციას ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიის დანაღმვის შესახებ, თუმცა არ მიიღო პრევენციული ზომები ტერიტორიის დროული და სრული გაწმენდისთვის, რამაც ის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩააყენა.

ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანი ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევის დადგენას მოითხოვდა.

2014 წლის 21 ივლისს საქართველოს მთავრობამ წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია, რომლითაც  კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა აღიარა ტერიტორიის განაღმვასთან დაკავშირებული პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ცალმხრივი დეკლარაციით მთავრობამ მომჩივნისთვის კომპენსაციის სახით 8,000 ევროს გადახდის ვალდებულება აიღო. ევროპული სასამართლოს განჩინებით, სახელმწიფოს ასევე მომჩივნის საადვოკატო ხარჯების დასაფარად 1,100 ევროს გადახდა დაეკისრა.

ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული განჩინების საფუძველზე მომჩივანს შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს საქმის წარმოების განახლება ეროვნული სასამართლოების წინაშე.

საქართველოს სახელმწიფოს მიერ ცალმხრივი დეკლარაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჩივარი ევროპული სასამართლოს განსახილველ საქმეთა სიაში აღდგება.

 

 


[1]http://hudoc.echr.coe.int/eng#{"fulltext":["40085/09"],"documentcollectionid2":["JUDGMENTS","DECISIONS","COMMUNICATEDCASES"],"itemid":["001-120364"]}