სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასება

2014-06-16 13:45
Featured image
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
 
15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საია თბილისისა და 10 რეგიონის 40 საარჩევნო ოლქში 500 - მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა.
 
მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. ამომრჩეველს ჰქონდა ნების თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობა. საარჩევნო ადმინისტრაცია უმრავლეს შემთხვევაში ადეკვატურად რეაგირებდა საიას დამკვირვებლების მიერ მიცემულ შენიშვნებზე და ასწორებდა საარჩევნო კანონმდებლობის პროცედურულ დარღვევებს.  დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, როგორც წესი, საიას დამკვირვებლები საჩივრებს აღარ წერდნენ. მნიშვნელოვან დარღვევებს მასშტაბური ხასიათი არ ჰქონია.
 
განსაკუთრებით უხეშ დარღვევებს ადგილი ჰქონდა მარტვილის #16-ე (გაიტაცეს ბიულეტენები), ზუგდიდის #32-ე (ჩაიშალა ხმის მიცემა), ხონის 22-ე (უბნის დარბევა), ხონის N19 უბანი (კენჭისყრის შენობაში შეჭრისა და კარის შემტვრევის მცდელობა) თელავის N14 უბანი (ხელმოწერების გაყალბება), მუქარა დამკვირვებელზე (სამგორის N32, ხულოს N27).
 
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის პროცესის დასრულებისთანავე, „ქართულმა ოცნებამ“ ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით გამარჯვება იზეიმა. მართალია საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს წინასწარი მონაცემების გაჟღერებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ეგზიტპოლებზე დაყრდნობით არჩევნების სრულყოფილად ჩატარების გამოცხადება და გამარჯვების ზეიმი, ვფიქრობთ, რომ არასწორი და არამიზანშეწონილი ქმედებაა. 
 
 
 
საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 150  საჩივარი და 127 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში. საჩივრები და შენიშვნები ძირითადად შეეხებოდა შემდეგ დარღვევებს:
 
დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლის (10 შემთხვევა);
წილისყრის პროცედურების დარღვევები ( 10 შემთხვევა);
საკონტროლო ფურცლების შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები  (24 შემთხვევა); 
არაუფლებამოსილ პირების ყოფნა უბანზე - 19 შემთხვევა
არასათანადო დოკუმენტებით არჩევნებში მონაწილეობა (3 შემთხვევა);
არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემა (2 შემთხვევა);
გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები (2 შემთხვევა);
უბანზე აგიტაცია - 4 შემთხვევა;
მარკირების გარეშე ხმის მიცემა (1 შემთხვევა);
საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემა - (4 შემთხვევა); 
კომისიის წევრის მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება -3
ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირი გავლენა (9 შემთხვევა) 
საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის ხელშეშლა -2; 
ოლქისთვის დოკუმენტაციის გადაცემის წესის დარღვევა - 3 შემთხვევა
საარჩევნო ინვენტარის განადგურება და უბნის დარბევა - (2 შემთხვევა);
საჩივრებში ასევე დაფიქსირებულია სხვა დარღვევები;
 
ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს ხონის #22 უბანზე შეიჭრნენ უცხო პირები, უბანი დაარბიეს და საარჩევნო ყუთი დაამტვრიეს. საიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა ხონის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივი რეაგირებისაკენ მოუწოდა. საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, ხონის საარჩევნო ოლქში არსებობდა რეალური საშიშროება, რომ ცალკეულ უბნებზე მომხდარიყო გარკვეული პირების შეჭრა და ხმის დათვლის და შედეგების შეჯამების  პროცედურის ჩაშლა. ხონის N19 უბანზე ადგილი ჰქონდა კენჭისყრის შენობაში უკანონოდ შეღწევის მცდელობას. საიამ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ცესკოს და ასევე სამართალდამცავებს დაუყოვნებელი რეაგირებისკენ მოუწოდა.  
 
ქობულეთის N34 უბანზე ყუთის გახსნის შემდეგ კონვერტიდან ამოღებულ 61 ბიულეტებს რეგისტრატორის ხელმოწერების ნაცვლად ჰქონდა  თავმჯდომარის ბეჭედი. აღნიშნული დარღვევის გამო ჩვენს მიერ დაიწერა საჩივარი უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
 
ხმის დათვლის დროს ასევე ადგილი ჰქონდა საიას დამკვირვებელთა უფლებების დარღვევას. მაგალითად, სამგორის N32 უბანზე კომისიის წევრი დაემუქრა საიას დამკვირვებელს, რომ მისი შვილი მუშაობს უშიშროებაში და ,,ცხოვრებას გაგიფუჭებო". 
 
 
არჩევნების შეჯამების შემდეგ საია წარმოადგენს მთლიან ანგარიშს, სადაც გაანალიზებული იქნება არჩევნების მთლიანი სურათი წინასაარჩევნო პერიოდის, კენჭისყრის დღის, დავების განხილვისა და არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის ჩათვლით. აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე საია საარჩევნო ადმინისტრაციასა და ხელისუფლებას მიაწვდის რეკომენდაციებს არჩევნების კიდევ უფრო დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
 
საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) - ის დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.