საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 8 რეგიონის 36 საარჩევნო ოლქში 400-ზე მეტი დამკვირვებლით აკვირდებოდა. ასევე საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე საიას დამკვირვებლები ჰყავდა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში.
საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 33 საჩივარი და 50 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში. საჩივრები და შენიშვნები შეეხებოდა შემდეგ დარღვევებს:
• დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლის 8 ფაქტი. მათ შორის, უბანზე საიას დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებული პრობლემები; (7 შემთხვევა) და ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთების ხელშეშლა (1 შემთხვევა);
• წილისყრის პროცედურების დარღვევები (5 შემთხვევა);
• საკონტროლო ფურცლების შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები (7 შემთხვევა);
• არასათანადო დოკუმენტებით არჩევნებში მონაწილეობის საკითხები (11 შემთხვევა);
• საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები;
• ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები;
• სხვის ნაცვლად ხმის მიცემა (3 შემთხვევა);
• გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები (3 შემთხვევა);
• საჩივრის ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემები (3 შემთხვევა);
• უბნის დაგვიანებით გახსნა (2 შემთხვევა);
• უბანზე აგიტაციის 1 შემთხვევა;
• მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები;
• დამკვირვებელთა შორის ფიზიკური დაპირისპირების 1 ფაქტი;
კონკრეტული დარღვევების დაფიქსირებასთან ერთან, გვსურს რამოდენიმე ზოგად პოზიტიურ ტენდენციას გავუსვათ ხაზი:
• სამართალდამცავი ორგანოების დისტანცირება საარჩევნო პროცესებიდან, სპეც-უბნების რაოდენობის შემცირება, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ არჩევანი გაეკეთებინათ საკუთარი საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის მიხედვით, არჩევნების პოზიტიურად ჩატარების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იყო;
• საარჩევნო ადმინისტრაცია რამოდენიმე კონკრეტული შემთხვევის გარდა მოწოდებული იყო, რომ სათანადო რეაგირება მოეხდინა საიას დამკვირვებლების შენიშვნებზე და გამოესწორებინათ დარღვევები;
• დარღვევათა უმეტესობა ჩვენი შეფასებით განპირობებული იყო სარჩევნო კანონმდებლობის ნაკლები ცოდნით, ვიდრე საუბნო საარჩევნო კომისიების მიზანმიმართული, განზრახი ქმედებებით. ამასთან, საიას დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს წარმოადგენდა და არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს;
მთლიანობაში, საიას შეფასებით, ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა.
არჩევნების შეჯამების შემდეგ საია წარმოადგენს მთლიან ანგარიშს, სადაც გაანალიზებული იქნება არჩევნების მთლიანი სურათი წინასაარჩევნო პერიოდის, კენჭისყრის დღის, დავების განხილვისა და არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის ჩათვლით. აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე საია საარჩევნო ადმინისტრაციასა და ხელისუფლებას მიაწვდის რეკომენდაციებს არჩევნების კიდევ უფრო დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.