სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირები ჯერ არ დასჯილან

2009-11-07 15:07
Featured image

დღეს ორი წელი სრულდება 2007 წლის 7 ნოემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უკანონოდ, გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალეს მშვიდობიანი მომიტინგეები, დაარბიეს დამოუკიდებელი ტელევიზია და გაანადგურეს მისი აპარატურა, გამოიყენეს მოცემული დროისთვის კანონით აკრძალული სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც 500-მდე ადამიანი დაშავდა.   
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ფორმალურად აღიარა 7 ნოემბერს დაშვებული შეცდომები, ჯერ არ მომხდარა აღნიშნული მოვლენების ადეკვატური და სრულყოფილი გამოძიება, არ გამოვლენილან და დასჯილან მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევის უკანონო ბრძანების გამცემი და შემსრულებელი პირები.    

 

“მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნისა ძირითადი საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან... [საქართველოს] მთავრობამ უარი განაცხადა დაეწყო 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ყოვლისმომცველი გამოძიება...” – წერს Human Rights Watch-ი თავის 2009 წლის ანგარიშში.  
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ადექვატური და დამოუკიდებელი გამოძიება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართალიანობის აღდგენის, არამედ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან უკანონო ქმედებების პრევენციის თვალსაზრისითაც.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს პოლიცია უნდა უზრუნველყოფდეს “საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.”
მაშინ, როდესაც პოლიციის მთავარი მოვალეობა კანონის უზენაესობის დაცვაა, მათი მხრიდან კანონის დარღვევა სამართლიანობის სისტემას ანგრევს. სწორედ სისტემის არასწორი მოქმედების შედეგად მივიღეთ 2009 წლის 6 მაისს და 15 ივნისს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული ძალადობრივი მოვლენები, როდესაც დაუსჯელობით წახალისებული პოლიციის უკანონო ქმედებების შედეგად ათეულობით მოქალაქე დაშავდა. ისევე, როგორც 7 ნოემბრის შემთხვევაში, ხელისუფლებამ უარი განაცხადა დაეწყო დამოუკიდებელი გამოძიება და დაესაჯა დამნაშავეები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას მის მიერ საქართევლოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებითა და შიდა კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს და მოუწოდებს უზრუნველყოს: 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის და 15 ივნისის მოვლენების დამოუკიდებელი გამოძიება; გამოავლინოს და დასაჯოს უკანონო ბრძანების გამცემი და შემსრულებელი პირები; მიიღოს ეფექტური ზომები სამართალდამცავ ორგანოებში დაუსჯელობის სინდრომის აღმოსაფხვრელად.