29 სექტემბერს საიამ გამართა პრესკონფერენცია თემაზე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება, 28 სექტემბერს გამართულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში 68 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა დანიშვნა/გადანიშვნის საკითხი. მიღებული გადაწყვეტილებით, ისევე როგორც მისი წინმსწრები პროცესით, ნათელი გახდა, რომ იუსტიციის საბჭოს მუშაობა არის არაეფექტური; აღნიშნული არაეფექტურობით საბჭო აღრმავებს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელთა მოგვარებასაც საბჭო ფრაგმენტული, დაუსაბუთებელი, სუბიექტური და საეჭვო მოტივების მქონე გადაწყვეტილებებით ცდილობს და არა სისტემური, კარგად გააზრებული და დასაბუთებული მიდგომებით.