კონკურსი საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მიღების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს: იურიდიული ფაკულტეტის (საერთაშორისო სამართლის) ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს. კონკურსში მონაწილეებს მოეთხოვებათ ასევე კომპიუტერული პროგრამების (საოფისე პროგრამები) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
კონკურსში მონაწილე პირმა ელექტრონულ მეილზე - trainee@gyla.ge უნდა გამოაგზავნოს:
- განაცხადი (იხ. მიბმული დოკუმენტი);
- იურისტის დიპლომი ან შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დასკანერებული).
გთხოვთ, მეილის "subjec" ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამართლის სფერო (,,სისხლის სამართალი“ ან ,,სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი“).
იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს როგორც წესი 8 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს. კონკურსის შედეგად სისხლის სამართლის მიმართულებით შეირჩევა 5-მდე, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - 20-მდე პირი, რომლებიც საქმიანობას დაიწყებენ 2016 წლის მაისიდან.
თანაშემწეებს/სტაჟიორებს ევალებათ:
- იურიდიული დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა- პასუხების ელექტრონულ პროგრამაში დაფიქსირება;
- სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;
- საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
- ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას იურისტების დახმარება;
- იურიდიული დახმარების თანამშრომლებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა და სხვა მოვალეობათა შესრულება.
კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.
საბუთების მიღება ზემოაღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე იწარმოებს 2016 წლის 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით (18:00 სთ-მდე). დაგვიანებით გამოგზავნილი ან არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები არ მიიღება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- კონკურსის პირველი ეტაპზე (წერითი გამოცდა) - დაშვებული იქნება ყველა კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად გამოაგზავნის შესაბამის დოკუმენტებს. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს დაევალებათ კაზუსების ამოხსნა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლიდან, განაცხადში მათ მიერ მითითებული სფეროს მიხედვით;
- კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) - დაშვებული იქნებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს.
როგორც წერითი, ასევე გასაუბრების ეტაპის შესახებ (თარიღი, დრო, დაბარებული პირების ვინაობა) დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებ გვერდზე, გამოცდის თარიღამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ნონა ქურდოვანიძე.
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. #15
ტელ: 2-99 50 76; 2-93 61 01