სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ათასწლეულის მიზნების განვითარებაში ყველაზე პასიური და აქტიური სამინისტროები დაასახელა

25 ივლისს სასტუმრო თბილისი მერიოტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის “მომავალი სიღარიბის გარეშე” ფარგლებში გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე “ყველაზე აქტიური და ყველაზე პასიური საჯარო დაწესებულება ათასწლეულის მიზნების განვითარებისთვის”. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ საქართველოში არსებული ყველა სამინისტროს (ძალოვანების გარდა) წარმომადგენლები და კოალიციის “მომავალი სიღარიბის გარეშე” წევრი ორგანიზაციები.

2007-07-24 20:00 სრულად ნახვა

საია საკონსტიტუციო სასამართლოში შალვა რამიშვილის ინტერესებს დაიცავს

საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც საიამ მოამზადა და სასამართლოში შალვა რამიშვილს წარმოადგენს აყენებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას. გასაჩივრებული მუხლი ერთიანად ართმევს ყველა პატიმარს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. არსებული კანონით მათ არც ხმის მიცემა შეუძლიათ და არც საკუთარი კანდიდატურის დაყენება. იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს კონსტიტუცია იზიარებს უფლებათა პროპორციული შეზღუდვის პრინციპს, არაკონსტიტუციურია ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის აქტიური საარჩევნო უფლების იმაზე მეტად შეზღუდვა ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. კონსტიტუციური სარჩელით ჩვენ მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრებისთვის აქტიური საარჩევნო უფლების (უფლება აირჩიოს) აღდგენას ვითხოვთ. აღსანიშნავია რომ პატიმართათვის აქტიური საარჩევნო უფლების ერთიანი და განურჩეველი ჩამორთმევა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის მე-3 მუხლის (თავისუფალი არჩევნების უფლება) დარღვევად მიიჩნია საქმეში ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. საქართველო აღნიშნული ოქმის ხელმომწერი სახელმწიფოა და ევალება შეასრულოს ამ ოქმიდან და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

2007-07-22 20:00 სრულად ნახვა

ტრენინგი სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისათვის

5 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ პროექტის “სოფლის ასოციაციების როლის გაძლიერება საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში” ფარგლებში ორგანიზებული იქნა ტრენინგი თემაზე: ადგილობრივი თვითმმართველობა (კანონმდებლობა და ფუნქციონირება). 20 ივლისს ორგანიზებული ტრენინგის თემას წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების, არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის საკითხები. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების 20-მდე წარმომადგენელმა. მონაწილეებს გადაეცათ სასემინარო მასალები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა: ინფორმაციის თავისუფლება, ადმინისტრაციული პროცედურები ადგილობრივი ბიუჯეტი და სხვა. პრიორიტეტი მიენიჭება ასევე თავად ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლების მიერ შერჩეულ სასემინარო თემებს. სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისათვის ტრენინგი ჩატარებული იქნა საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის - ქეთევან ბებიაშვილის მიერ. 30-თვიანი პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, რომელიც ხორციელედება CARE ავსტრიისა და  CARE საერთაშორისო კავკასიაში მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია Civitas Georgica.

2007-07-22 20:00 სრულად ნახვა

საიას ორგანიზებით პრობაციონერებს ტრენინგი ჩაუტარდათ

19, 20 და 21 ივლისს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, საქართველოში ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით, სასჯელაღსრულების სისტემის გამჭვირვალობის პროექტისა და იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის საქმიანობის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს თბილისის პრობაციის 20 არასრულწლოვან პრობაციონერს სამდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. აღნიშნული ტრენინგის თემატიკა მოიცავდა პრაქტიკული სამართლის, სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებების საკითხებს, ასევე იმიტირებულ სასამართლო პროცესს სისხლის სამართალში. პრაქტიკული სამართლის ტრენერების, გურანდა რომანაძისა და ლევან ფანიაშვილის ლექციების მეშვეობით პრობაციონერები გაეცვნენ მათ არსებით უფლებებს, სამართლებრივ პროცედურებს.

2007-07-22 20:00 სრულად ნახვა

საიამ ტრეფიკინგის ტემაზე შექმნილი ფილმის პრეზენტაცია გამართა

20 ივლისს კინოს სახლში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დოკუმენტური ფილმი _ "ტრეფიკინგი XXI-საუკუნის მონობა" წარმოადგინა. ფილმი გადაღებულია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემატიკაზე. ნამუშევარი რეალურ ფაქტებზეა აგებული და მისი მიზანია ქართველი საზოგადოების ინფორმირება ტრეფიკინგის საშიშროების შესახებ. ნამუშევარში ასევე ნახავთ ექსპერტების შეფასებებს. ფილმი, რეჟისორმა გია ალავიძემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებისა და ადამიანით ვაჭრობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მიერ მოწედებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით გადაიღო. პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის, გენერალური პროკურატურის, სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამომავლოდ ფილმის ჩვენება სახვადასხვა ქართულ ტელეარხებზე იგეგმება. ნამუშევარი აგრეთვე გამოყენებული იქნება ტრეფიკინგის დანაშაულის შესახებ საზოგაოდებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებში.

2007-07-19 20:00 სრულად ნახვა

10 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტს სთხოვს ვეტო დაადოს კანონს

 ბატონო პრეზიდენტო,  2007 წლის 11 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში. კანონპროექტი სასამართლოთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და გვთავაზობს, დაუშვებლად გამოცხადდეს სასამართლოს შენობაში, ასევე საასმართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო, კინო- და ვიდეოგადაღება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ხორციელდება სასამართლოს მიერ.  როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, “სასამართლო სხდომის   მიმდინარეობისას სხდომის დარბაზში ტელეკამერების ყოფნა ხელს უწყობს პროცესის ანგაჟირებას და მხარეთა მიერ შეგნებული პროვოკაციების მოწყობას. ასეთ ვითარებაში სასამართლო საქმის განხილვა სცილდება სამართლებრივი ნორმებით დადგენილ ჩარჩოებს და მტკიცებულებათა წარდგენისა და განხილვის ნაცვლად, დატვირთულია ემოციური განცხადებებით და გამოსვლებით, რაც არ უწყობს ხელს საქმის სრულყოფილ და ობიექტურ განხილვას და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს მოსამართლეზე”. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია გავიხსენოთ სულ რაღაც ერთი წლის წინ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა (მუხლი 208) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (მუხლი 212) განხორციელებული ცვლილება, რომელმაც სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის ნებისმიერი დარღვევისათვის საკმაოდ მკაცრი სანქციები გაითვალისწინა. სწორედ ამ მუხლების პირდაპირ ფუნქციას წარმოადგენს სასამართლოში საქმის განხილვისას სხდომის დარბაზში წესრიგის უზრუნველყოფა, “შეგნებული პროვოკაციების”, “ემოციური განცხადებებისა და გამოსვლების” თავიდან არიდება.

2007-07-17 20:00 სრულად ნახვა

საია საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ტრენინგის პროგრამაში მონაწილეობს

“Equitas” - ადამიანის უფლებათა სწავლების საერთაშორისო ცენტრია კანადაში. 37 წლიანი გამოცდილებით იგი ლიდერია ადამიანის უფლებათა განათლების დარგში. ადამიანის უფლებათა დაცვის გლობალური კულტურის ჩამოყალიბებაში მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. "Equitas" ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენელთათვის - მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ტრენინგ პროგრამაში, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გრძელდება და ადამიანის უფლებათა სწავლების მეთოდებს და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებს სწავლებაზეა ორიენტირებული.  პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს გაიღრმავონ ცოდნა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ამ დარგში ტრენერებად ჩამოყალიბდნენ.

2007-07-15 20:00 სრულად ნახვა

კოალიცია “მომავალი სიღარიბის გარეშე” დასავლეთ საქართველოს სტუმრობდა

საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი, ინფორმაციის უქონლობისა თუ სხვა მიზეზების გამო კვლავ ძირითადი სამედიცინო მომსახურების გარეშე ცხოვრობს. 6 და 7 ივლისს, კოალიციამ “მომავალი სიღარიბის გარეშე” დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ავტო-ტური მოაწყო. კოალიციის წევრები (არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, Welfare Foundation და საერთაშორისო ორგანიზაცია Oxfam) ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესი გააცნეს.

2007-07-10 20:00 სრულად ნახვა

საიამ წიგნების პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 10 ივლისს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" წიგნების პრეზენტაციას "ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში" და "პერსონალური მონაცემების დაცვა - საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება" - გამართა. პრეზენტაციაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ განხილულ იქნა ინფორმაციის თავისუფლებასა და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით დღეს არსებული პრობლემები. ასევე საიამ საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინა.

2007-07-09 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატების წარმატებული საქმეები (ივნისი)

1. საიას ადვოკატის დახმარებით 70 წლის მოხუცი პატიმრობიდან გაათავისუფლეს საიას იურიდიული დახმარების ცენტრი იცავდა მოქალაქე ვ.ა.-ს ინტერესებს. იგი დმანისის რაიონული სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა, იარაღის უკანონო შეძენა შენახვა) და  სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იგი მოთავსებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.70 წლის მოხუცი ვ.ა. სრულიად უსინათლოა, რაც დადასტურებულია მისი მკურნალი ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნით. მას მრავალი მადლობები და  სახელმწიფო ჯილდოები აქვს  მიღებული ქვეყნის სამსახურში ერთგული დამსახურებისათვის.   სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად პირი სასჯელის მოხდისგან შეიძლება გათავისუფლდეს ხანდაზმულობის ასაკის მიღწევისას.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #72-ე ბრძანებით, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს მსჯავრდებული თუ იგი არის სრულებით უსინათლო.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაიწერა განცხადება სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის სახელზე. მოვითხოვეთ მსჯავრდებულ ვ.ა.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა.2007 წლის 16 აპრილს მსჯავრდებულ ვ.ა.-ს ჩაუტარდა გამოკვლევა თვალის სნეულებათა კლინიკაში და დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა თვალის ოპერირებული აბსოლუტური გლაუკომა გართულებული კატარაქტა და მარცხენა თვალის ოპერირებული გლაუკომა გართულებული კატარაქტა. გამოკვლევის მიხედვით განკურნების პერსპექტივა არ არსებობს. აღნიშნული სამედიცინო დასკვნის მოპოვების საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #72-ე ბრძანების შესაბამისად მსჯავრდებული გათავისუფლებულ იქნა სასჯელის შემდგომი მოხდისგან (განსასჯელ ვ.ა.-ს დარჩენილი ჰქონდა 6 წელი).

2007-07-08 20:00 სრულად ნახვა