სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ "წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის" პროექტის პრეზენტაცია გამართა

2012-04-04 10:12
Featured image

დღეს 4 აპრილს 11:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ წვეულებათა დარბაზში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ პროექტის დახურვისა და საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

საია წინასაარჩევნო მონიტორინგს ბრიტანეთის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგი 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის“- ფარგლებში აწარმოებდა. კვლევის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:

·  2011 წლის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ქმნის უთანასწორო საარჩევნო გარემოს და ვერ უზრუნველყოფს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების განხორციელებას ქვეყანაში;

· საარჩევნო წელს მასშტაბური და ერთჯერადი საბიუჯეტო პროგრამების განხორციელებაზე, რომლებიც აფერმკრთალებს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარს და არათანაბარ პირობებს ქმნის პოლიტიკური პარტიებისთვის;

· სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნის, დაშინების, სამსახურიდან განთავისუფლების და ზეწოლის ფაქტებზე.

· კონტროლის პალატის და შემდგომ შსს-ს მიერ განხორციელებული უკანასკნელი ქმედებებზე;

კვლევა 2012 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო და 30 მარტს დასრულდა. სამთვიანი პერიოდის განმავლობაში წინასაარჩევნო პროცესებს საია აკვირდებოდა საქართველოს ოთხ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თბილისში. საიას მონიტორები ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან მოიპოვებდნენ, მათ შორის საჯარო დაწესებულებებიდან, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის და მედიით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგის გზით. ხშირად მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თავად აწვდიდნენ ინფორმაციას მათ მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევებისა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის შემთხვევების შესახებ. ინფორმაციის მიღების შემდგომ საიას მონიტორები თითოეულ ფაქტს უშუალოდ განმცხადებლებთან ამოწმებდნენ და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ.

 

საიამ წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგი არჩევნებამდე გაცილებით ადრე დაიწყო. კვლევის მიზანი წინასაარჩევნო ტენდენციების გამოვლენა და იმის დადგენა გახლდათ, რამდენად თანაბარი და კონკურენტული გარემოა შექმნილი პოლიტიკური პარტიებისთვის.

საია კვლავ აქტიურად გააგრძელებს მონიტორინგს და საზოგადოებას მომავალშიც შესთავაზებს საარჩევნო გარემოს კვლევის შედეგებს.