სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ნორმა, რომელიც სამართალდამრღვევს დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას ართმევდა, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

2019-04-18 17:41
Featured image

2019 წლის 18 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საიას კიდევ ერთი სარჩელი. საია საკონსტიტუციო სასამართლოში იცავდა მოქალაქე ირაკლი ხვედელიძის ინტერესებს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. ირაკლი ხვედელიძეს დადგენილება, რომლითაც მისი სამართალდამრღვევად ცნობა მოხდა გადაეცა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-12 დღეს. ეს მაშინ, როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, დადგენილება სააპელაციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების მომენტისათვის გასაჩივრების 10 დღიანი ვადა გასული იყო.

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ის ნორმა გაასაჩივრა, რომელითაც ზემდგომ ინსტანციაში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება არა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან, არამედ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან. სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში იწერება ის, რომ პირი სცნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, მაგრამ არ იწერება, თუ რატომ სცნეს პირი სამართალდამრღვევად. პირის სამართალდამრღვევად ცნობის მიზეზები იწერება სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, რომელიც ირაკლი ხვედელიძეს დაგვიანებით ჩაბარდა. თუკი ადამიანმა არ იცის, რის გამო ცნო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, შესაბამისად, ის ვერც ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გაასაჩივრებს. სააპელაციო საჩივარში სამართალდამრღვევად ცნობილი პირი ვერ ჩაწერს, რაში შეცდა პირველი ინსტანციის სასამართლო, თუკი სრულად ვერ წაიკითხა აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება. საია თვლიდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან გასაჩივრების ვადის ათვლით ირღვეოდა სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება.

საკონსტიტუციო სასამართლომ საიას პოზიცია გაიზიარა და გასაჩივრებული ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო. ამასთან საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს ვადა მისცა 2019 წლის 1 ივლისამდე, რათა ცვლილება შეიტანოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.  

აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანია დროულად გატარდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა, რომელის არსებული ფორმით შენარჩუნება იწვევს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შელახვას.

აღნიშნულ საქმეს საია აწარმოებდა პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.