თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თორნიკე კოშკაძის სარჩელი. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 2 000 ლარის ოდენობით.
თორნიკე კოშკაძე პროფესიით ჟურნალისტია. 2019 წლის 20 ივნისს იგი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და აშუქებდა ანტისაოკუპაციო აქციას, როდესაც მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა სახის არეში.
აღნიშნული საქმე არის საიას წარმოებაში არსებული საქმეებიდან პირველი, რომლის განხილვაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა. გადაწყვეტილება სამართლებრივად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით დაადგინა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულებამდეც, რომელიც შეეხება საპროტესტო შეკრებისას სამართალდამცავების მიერ განხორციელებულ ძალადობას და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საიას დახმარებით 15-მდე პირმა უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე, შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები.
გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის შესული კანონიერ ძალაში. დაზარალებულის ინტერესებს, როგორც სასამართლოში, ასევე საგამოძიებო ორგანოში წარმოადგენს საია.