2018 წლის 15 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ გაავრცელა საჯარო განცხადება თანამდებობის დატოვების თაობაზე, რაც, მისი თქმით განპირობებული იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის მიერ მასზე ზეწოლის განხორციელების გამო. თამარ ბაგრატიას განცხადებით, მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ჯერ სთხოვა, ხოლო შემდეგ კატეგორიულად მოსთხოვა კონკრეტული პირის - თემურ მთივლიშვილის (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი) დანიშვნა.
თამარ ბაგრატია განცხადებაში უთითებს, რომ მინისტრის მოადგილე სსიპ-ის მოადგილის თანამდებობაზე კონკრეტული პირის დანიშვნას სთხოვდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 7 დეკემბერს შესული ცვლილებების მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად „ამ მუხლის პირველ−მე-6 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე სამინისტროებმა და მათ სისტემაში შემავალმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.“
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მუხლის რეგულირების ქვეშ არ ექცევა სსიპ-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის თანამდებობა მათი სამართლებრივი სტატუსისა და შერჩევის სპეციალური წესის გათვალისწინებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ-ის ხელმძღვანელი და მოადგილე არის სახელმწიფო მოსამსახურე და არა საჯარო მოსამსახურე. შესაბამისად, პროფესიული საჯარო მოხელის (აუდიტის სამსახურის უფროსის) გადაყვანა სახელმწიფო მოსამსახურის (სსიპ-ის მოადგილის) თანამდებობაზე არ შეიძლება მიჩნეული იყოს „შესაბამის თანამდებობაზე“ გადაყვანად, რაც მოცემულ შემთხვევაში კანონის ძირითადი მოთხოვნა იყო. გარდა ამისა, სსიპ-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის შერჩევა ხდება გამარტივებული კონკურსის წესით, რაც განსხვავდება პროფესიული საჯარო მოსამსახურის შერჩევის წესისგან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებებმა სსიპ-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის შერჩევისას იმოქმედონ კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური შერჩევის წესის საფუძველზე და ერთპიროვნულად და უკონკურსოდ არ დანიშნონ აღნიშნული თანამდებობის პირები.
აღნიშნული შემთხვევის ანალიზი ცხადყოფს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ქმედებებში იკვეთება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დარღვევა და ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, საჯარო სამსახურის ბიურო და საქართველოს პროკურატურა დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და სრულყოფილად გამოიკვლიონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ სსიპ-ში განვითარებული მოვლენები.
საია განაგრძობს საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგს და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვს დამატებით ინფორმაციებს საჯარო დაწესებულებებიდან.