საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იურიდიულ დახმარებას უწევს მედიაკავშირ „ობიექტივის“ კორესპონდენტს ნინო მიქიაშვილს. ჟურნალისტმა 2011 წლის 27 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელი სპეცდანიშნულების რაზმები მონაწილეობდნენ მიტინგის დაშლაში 2011 წლის 26 მაისს. აღნიშნულ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მედიის სამართლებრივი ცენტრის დახმარებით ნინო მიქიაშვილმა გაასაჩივრა თანამდებობის პირის უმოქმედობა, 2011 წლის 10 ივნისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის გაცემის დავალება.
2011 წლის 27 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის სხდომაზე. ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის ინტერესებს წარმოადგენდა მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა აღიარა, რომ მას ევალება აღნიშნული ინფორმაციის გაცემა და განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მიაწოდებს მოთხოვნილ მონაცემებს ჟურნალისტს.