2013 წლის 6 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი - გიორგი ბარათაშვილი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, მისთვის სამეურვეო საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. მის ინტერესებს, უკვე მეორედ, საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავს.
სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების უკანონობის დასადასტურებლად სარჩელში არაერთი არგუმენტი იქნა მოყვანილი, კერძოდ:
• საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მასზე ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონი, რომლის მესამე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სსიპ-ს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. სსიპ-ს სამეურვეო საბჭო (ან მისი რომელიმე წევრი) არ არის უფლებამოსილი განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომლის განხორციელების უფლება მას შესაბამისი კანონმდებლობით პირდაპირ არ აქვს მინიჭებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამეურვეო საბჭოს წევრების წარმომადგენლებისა და სკაიპის მეშვეობით სხდომაზე დასწრებასა და გადაწყვეტილების მიღებას. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 321-ე მუხლის თანახმად, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (საბჭოს თხუთმეტივე წევრის ნახევარზე მეტი ხმით) უნდობლობა გამოუცხადოს გენერალურ დირექტორს. ვინაიდან საბჭოს ორი წევრის შემთხვევაში არასწორად მოხდა ხმის მიცემა, სამეურვეო საბჭო არ იყო უფლებამოსილი 7 ხმით მიეღო გადაწყვეტილება გენერალური დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.
• გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის საკითხი დაისვა 2013 წლის 30 აგვისტოს, როდესაც სამეურვეო საბჭოს წევრებმა წერილობით მოითხოვეს თანამდებობიდან მისი გადაყენება. ,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 321-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ თუ სამეურვეო საბჭომ უნდობლობა არ გამოუცხადა გენერალურ დირექტორს, დაუშვებელია მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მომდევნო 6 თვის განმავლობაში. პირველად სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა 2013 წლის 4 მარტს კანონმდებლობის უხეში დარღვევით გამოუცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება 2013 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად არ იყო ხმათა საჭირო რაოდენობა. ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა სამართლებრივად ნიშნავს იმას, რომ მსგავსი უნდობლობა თავიდანვე არ ითვლება გამოცხადებულად.
შესაბამისად, ცალსახაა, რომ 2013 წლის 30 აგვისტოს არ იყო გასული კანონმდებლობით განსაზღვრული 6 თვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც დაუშვებელია გენერალური დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის ხელახლა დასმა.
• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული, თუმცა ეს გადაწყვეტილება მისი მიღების რაიმე დასაბუთებას არ შეიცავს.
სათანადო ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არა თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, არამედ არცერთ დაწესებულებაში არცერთი თანამშრომლის გათავისუფლება არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უკვე მეორედ იღებს მსგავს გადაწყვეტილებას. სარჩელი ზემოაღნიშნულის გარდა შეიცავს სხვა არგუმენტაციასაც. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული არგუმენტი სათანადოდ დასაბუთებულია, სასამართლოს მხრიდან ერთ-ერთი მათგანის გათვალისწინებაც საკმარისი იქნება სარჩელის დასაკმაყოფილებლად.