საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ (Freedom House) ყოველწლიური ანგარიში „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“ გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველო კვლავ შეფასებულია, როგორც გარდამავალი, ან ჰიბრიდული რეჟიმი, თუმცა, ქვეყნისთვის მინიჭებული ქულა 2013 წლის შემდეგ (3.25) ისტორიულად ყველაზე დაბალია (3.04).
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია საქართველოში ცდილობდა ამომრჩეველთა მანიპულირებას, ძირს უთხრიდა შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმს, ფორმალურად კონსტიტუციური და სამართლებრივი პროცედურით ნიღბავდა ანტიდემოკრატიულ ქმედებებს.
ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების პროგრესი ჩამორჩება მისი მსგავსი ჰიბრიდული რეჟიმების (სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა) პროგრესს. ქვეყნის ტოქსიკური პოლიტიკური პოლარიზაცია - პრობლემა, რომელიც პირველ "საკვანძო პრიორიტეტად" არის დასახელებული ევროკავშირის მიერ, ფესვგადგმულია ყველა საჯარო ინსტიტუციაში.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მედიაეკოსისტემა პოლარიზებულია პრო-ოპოზიციურად და პრო-სახელისუფლებოდ. ამასთან, დამოუკიდებელი მედიის კლასიფიკატორში მითითებულია, რომ მდგომარეობა გაუარესებულია, კერძოდ, 3.50-დან ქულა 3.25-მდე დაეცა. ეს კლასიფიკატორი ეხდება პრესის თავისუფლებას, მათ შორის ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებს, ჟურნალისტების შევიწროებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს; ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი და დამოუკიდებელი კერძო მედიის არსებობას; საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებას. Საქართველოსთან დაკავშირებით გაუარესების საფუძველი გახდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების ტენდენცია, რაც, მათ შორის, იკვეთება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ორი ტელეკომპანიის დირექტორის დაპატიმრებითა და მათ წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენებით, ასევე, მზარდი პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემოთი.
ანგარიშის ავტორების ყურადღება გამახვილებულია, ასევე, რუსულ კანონთან დაკავშირებულ მოვლენებზე და მითითებულია, რომ 2023 წლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლების მიერ დაინიცირებულმა რუსული სტილის კანონმა „უცხოეთის აგენტების შესახებ“, რომელიც აიძულებდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს, დარეგისტრირებულიყვნენ, როგორც უცხოეთის გავლენის აგენტები, გამოიწვია მასობრივი პროტესტები, რის საპასუხოდაც, პოლიციამ გამოიყენა ძალა.