სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მდგრადი განვითარება“

2019-07-31 13:16
Featured image

29-31 ივლისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მდგრადი განვითარება“ ფარგლებში შერჩეულ საინიციატივო ჯგუფის წევრებთან დასკვნითი საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. აღნიშნულის შემდგომ საინიციატივო ჯგუფების წევრები აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

პროექტი აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EMWI Access) ფინანსური დახმარებით მიმდინარეობს და მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. თემის ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, ორატორული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კამათის ხელოვნების დახვეწა. ამასთანავე, თემში სოციალური დიალოგის წარმართვა და ეთნიკური უმცირესობების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თვითმმართველობის  მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტი კახეთის, აჭარის, გურიის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ხორციელდება.[1]

ამავე პერიოდში განხორციელდა სასწავლო ვიზიტი საქართველოს პარლამენტში, რა დროსაც შეხვედრა წარიმართა რეგიონული  პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კომიტეტის როლსა და მნიშვნველობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით. საინიციატივო ჯგუფების წევრებმა კომიტეტის წარმომადგენლებს გაუზიარეს ინფორმაცია მათი მუნიციპალიტეტების იმ საჭიროებებზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის გამოწვევას წარმოადგენს. ასევე, შედგა შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში თითოეულ რეგიონში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სადაც მოხდა დაიდენტიფიცირება ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების, გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც საჭიროებს არასამთავრობო სექტორისგან მხარდაჭერას. საუბარი შეეხო თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს. შეხვედრებზე საუბარი იყო ახალგაზრდების ჩართულობის მოდელის ფორმატზეც.

აღნიშნულ შეხვედრებზე მიღწეულ იქნა შეთანხმება - პროექტის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფების ჩართულობაზე. საინიციატივო ჯგუფები სასწავლო ვიზიტით ეწვევიან საქართველოს პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს, თავის მხრივ ადგილობრივი თვითმმართველობები კი, უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში საინიციატივო ჯგუფების მონაწილეობას და შექმნიან ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ პირობებს სხვადასხვა მიღებების, შეხვედრებისა თუ მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, მათ შორის კოლეგიური საჯარო დაწესებულებების სხდომებში, მონაწილეობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის საინიციატივო ჯგუფების ჩართულობას და მათ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების მოგვარებას.

ასევე, გურიისა და კახეთის[2] რეგიონების მცირე მეწარმეებთან ჩატარდა ტრენინგები საგადასახადო სამართლის საფუძვლებზე. ტრენინგების მიმდინარეობისას მონაწილეებმა შეისწავლეს, თუ რა არის ეკონომიკური საქმიანობა, მეწარმეობის სახეები, გადასახადის სახეები და განაკვეთი, პირველადი საგადასახადო დოკუმენტის შენახვის ვადა და წესები, დეკლარირების წესები და გამონაკლისები, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, მაღალმთიანი რეგიონებისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები

პარალელურ რეჟიმში პროექტის პრიორიტეტულ 5 რეგიონში  შერჩეულ 103 მონაწილესთან ჩატარდა ტრენინგები „კარლ პოპერის ფორმატის დებატებზე“, რამაც საშუალება მისცა მსმენელებს გამოემუშავებინათ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი, საჯარო გამოსვლების ტექნიკა და დაეხვეწათ კამათის ხელოვნება. ტრენინგების საფუძველზე შეირჩა 34 მონაწილე.[3]

13-17 ივლისს,  წიწამურში, შერჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა დებატების ეროვნული ტურნირი თემებზე: ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა და ჯანდაცვა. დებატების ეროვნული ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდა ქვემო ქართლის მონაწილეებიდან. ტურნირის შემდგომ  მონაწილეებს  ჩაუტარდათ ლექცია: ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის არსსა და მნიშვნელობაზე, მოქალაქეთა მონაწილეობის კანონით განსაზღვრული გარანტიებზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებზე, საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და მონაწილეობის მნიშვნელობაზე და ჩართულობის სხვა დამატებით ფორმებზე.

პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატებთან ერთად  საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული სახელმძღვანელოები გადაეცათ.

 


[1]თითოეული რეგიონიდან პროექტის მიხედვით შერჩეულ იქნა რაიონული ცენტრებიდან მოშორებით არსებული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობით დასახლებული სოფლები. კახეთის რეგიონიდან ახმეტა და პანკისის ხეობა, აჭარიდან ხულო, გურიიდან ზოტი, ჩხაკაურა და ნასაკირალი, ქვემო ქართლიდან ავრანლო და თრიალეთი, ხოლო სამცხე ჯავახეთიდან  ახალქალაქი და ნინოწმინდა.

[2] ოზუგეთში, თელავში და ახმეტაში.

[3] აჭარიდან 3, გურიიდან 12, ქვემო ქართლიდან 9, სამცხე - ჯავახეთიდან 6, ხოლო კახეთიდან 4 მონაწილე.