საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეტანილი იყო გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ფირუზ ვანიევისა და ქარელის რაიონის სოფელ დვანში მცხოვრები ტრისტან მამაგულაშვილის სახელით. აღნიშნული პირების საცხოვრებელი ადგილები არ ექცეოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებულად აღიარებული ტერიტორიის საზღვრებში, ვინაიდან ისინი მდებარეობენ ქარელისა და გორის რაიონში, ამის მიუხედავად ტრისტან მამაგულაშვილსა და ფირუზ ვანიევს არ ეძლეოდათ მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების და მათი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩვენმა სახელმწიფომ დაკარგა კონტროლი დვანისა და ხურვალეთის იმ ნაწილზე, სადაც ვანიევისა და მამაგულაშვილის სახლები მდებარეობს.
ტრისტან მამაგულაშვილი და ფირუზ ვანიევი იმყოფებოდნენ ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ყოფილი სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები. ამის მიუხედავად, ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოდევნილი პირებისაგან განსხვავებით, ისინი და მათ მდგომარეობაში მყოფი ადგილნაცვალი პირები არ სარგებლობდნენ დევნილის სტატუსით და შესაბამისად, იმ სოციალური შეღავათებით, რაც ამ სტატუსთან არის დაკავშირებული (მაგალითად, დევნილის ყოველთვიური შემწეობა და სხვა).
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას. საია სარჩელში მიუთითებდა, რომ ,,ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” კანონში 2011 წლის 23 დეკემბერს შეტანილი შესწორება, რომელიც დევნილის სტატუსის მინიჭებას მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი პირებისათვის ითვალისწინებდა, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების იმ მაცხოვრებლებს, რომლებიც ვერ ბრუნდებოდნენ მათ საცხოვრებელ სახლებში რუსი ოკუპანტებისაგან მომდინარე საფრთხის გამო. საიას მოსაზრება გაიზიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და ,,დევნილთა შესახებ” კანონის შესაბამისი ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო. შედეგად ყველა ის პირი, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ ექცევა ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში, თუმცა რეალურად საქართველოს ხელისუფლება ეფექტურ კონტროლს ვერ ახორციელებს, მიიღებს დევნილის სტატუსს. ხურვალეთისა და დვანის გარდა, საქართველოს ხელისუფლება ეფექტურ კონტროლს ვერ ახორციელებს გუგუტიაანთკარისა და დიცის ტერიტორიის ნაწილზე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დევნილის სტატუსს მოიპოვებს ყველა ის პირი, რომელიც ვერ ბრუნდება თავის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, იმის მიუხედავად, აღიარებულია თუ არა ტერიტორია ოკუპირებულად.
საია მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ მომავალში საქართველოს სახელმწიფო თავს შეიკავებს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულებისაგან.