2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საჯაროდ აჩვენა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის საკანში გადაღებული ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც შემდგომ დაიდო სპეციალური პენიტენციური სამსახურის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც. გავრცელებული ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ ჩაწერა განხორციელდა 2019 წლის 19 აპრილს, ხოლო მისი გავრცელება მოხდა 2020 წლის 21 იანვარს. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სხდომის ტრანსლირება ხდებოდა პარლამენტის ვებ-გვერდის, მედიისა და სოციალური მედიის საშუალებებით.
გარდა ამისა, მინისტრმა საჯაროდ აჩვენა სამი ვიდეოჩანაწერი, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს მსჯავრდებულები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს სამსახურის თანამშრომლებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენელის სახეები, ხოლო ერთ-ერთ ჩანაწერთან დაკავშირებით, მინისტრი ასახელებს სახელს ასახელებს სახალხო დამცველის წარმომადგენლის სახელსაც. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მართალია, მოცემულ ვიდეოჩანაწერებში დაფარულია, მსჯავრდებულთა სახეები, თუმცა ეს არ გამორიცხავს დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა იდენტიფიცირებას სხვა გზებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, იხილეთ აგრეთვე, საიას განცხადებაც.
აღნიშნული ფაქტების შესწავლა და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ვიდეოჩანაწერების საჯაროდ ჩვენება საფრთხეს უქმნის სახალხო დამცველის მანდატის სანდოობას და მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტი ჩადენილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ და გავრცელებული კადრების გადაცემა მოხდა საჯაროდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორმა დაიწყოს მოკვლევა, რის გამოც, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა და განცხადებაში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება.
დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი.