სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიასა და სახალხო დამცველის ერთობლივი კონფერენცია

2014-06-04 16:08
Featured image
2014 წლის 4 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სახალხო დამცველმა  გამართეს ერთობლივი კონფერენცია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ეფექტური გამოძიების საკითხებზე. ღონისძიების ერთ–ერთი ძირითადი რეკომენდაცია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის  შექმნის აუცილებლობა იყო.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარმოადგინა კვლევა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების მოდელების შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველმა კონფერენციაზე წარმოადგინა სპეციალური ანგარიში, რომელიც მიმოიხილავს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2013 წლის განმავლობაში სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტებს, ეროვნულ კანონმდებლობას საგამოძიებო უფლებამოსილების მქონე ორგანოების შესახებ და ეფექტური გამოძიების საერთაშორისო სტანდარტებს. 
 
ანგარიშის პრეზენტაციების შემდეგ აზრი დააფიქსირეს საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შს სამინისტროს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა. მათი ხედვით, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის აუცილებლობა არ არსებობს და დასმული პრობლემების მოგვარება არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოშიც არის შესაძლებელი.
 
კონფერენციაზე მომხსენებლად მოწვეული იყო საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე, რომელმაც მხარი დაუჭირა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიების აუცილებლობას და ამ მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელებას.
 
კონფერენციას ესწრებოდა ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საქართველოში თომას ჰამარბერგი, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია რეფორმები გატარდეს პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიების საქმეში, რათა არც პოლიცია წარმოადგენდეს საფრთხეს საზოგადოებისათვის და თავად პოლიციაც დაცული იყოს უსამართლო ბრალდებისგან, რასაც ეფექტური, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება უზრუნველყოფს.
 
კონფერენციაზე, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ეფექტურად გამოძიების სათანადო მექანიზმის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კატერინა ბოლონიეზემაც.
 
აღინიშნა, რომ საკითხი დამუშავებას და საზოგადოების სხვადასხვა წრეების აქტიურ ჩართულობას საჭიროებს, რათა ხელისფლებას საგამოძიებო საქმიანობის განმახორციელებელი ეფექტური ორგანოს მოდელი შესთავაზოს.
 
* ღონისძიება დაფინანსებული იყო ევროკავშირის პროექტის მიერ "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა".