სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას წინასაარჩევნო გარემოს შუალედური შეფასება

2018-10-25 11:43
Featured image

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტუნარიან გარემოში წარემართათ. მათ შეძლეს საკუთარი პროგრამებისა და დაპირებების ამომრჩევლისათვის გაცნობა ამომრჩევლებთან უშუალოდ შეხვედრების გზით, თუმცა კამპანიას არ ჩაუვლია აგიტაციაში ხელშეშლის, სიძულვილის ენისა და  ქსენოფობიური განცხადებების გარეშე.  აგრეთვე, როგორც 2016-2017 წლებში, კვლავ აქტუალური იყო ფარული ჩანაწერების გავრცელება.

სიძულვილის ენისა და პირადი შეურაცხყოფის ტირაჟირებას ადგილი ჰქონდა სოციალური ქსელის საშუალებითაც, რომელიც მიმართული იყო როგორც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება Facebook-ის სხვადასხვა დასპონსორებული გვერდებიდან/ანგარიშებიდან ხდებოდა. ამ გვერდების დამფინანსებლების და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.

 

მოკლე მიმოხილვა

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველი საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს. 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია შეცვალა და საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა დაადგინა. 

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები წინა პრეზიდენტის არჩევნებისაგან განსხვავებულ რეჟიმში წარიმართა, ვინაიდან პირველად, საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების ისტორიაში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა და მხარი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა. ჯამში საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებში მონაწილეობის მიზნით 46-მა საარჩევნო სუბიექტმა/საინიციატივო ჯგუფმა მიმართა და პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინა. საბოლოოდ, რეგისტრაცია პრეზინდეტობის 25-მა კანდიდატმა გაიარა. 

კენჭისყრის დღე, 28 ოქტომბერი საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის 1 აგვისტოს გამოაცხადა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიის რეგულაციები, საარჩევნო კოდექსის თანახმად, 29 აგვისტოდან ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო პოლარიზებული გახდა მედია. მედია საშუალებებით გავრცელებული წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამით ხდებოდა ქსენოფობიური მოწოდებების, ეთნიკური შუღლის გაღვივების ტირაჟირება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განმარტებები წინასაარჩევნო პერიოდში მედიის გამოყენების წესთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში იყო როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე კომისიის 2016 წლამდე არსებულ პრაქტიკასთან.

 

საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები

-ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 ფაქტი:

  • - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლებისათვის სავარაუდოდ უკანონო დაპირების გაცემა და ე.წ. „საგარანტიო სერტიფიკატების“ გადაცემ
  •  
  • ფიზიკური დაპირისპირების 3 ფაქტი:
  • - „ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაპირისპირება ქუთაისში, თიანეთსა და კასპში.
  •  
  • ჟურნალისტებისათვის საქმიანობის სავარაუდო ხელშეშლის 1 ფაქტი:
  • ქუთაისის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირებისას „ქუთაისიპოსტის“ ოპერატორისთვის ხელშეშლა.
  •  
  • სავარაუდო ზეწოლა -  4 ფაქტი:
  • - დაქვემდებარებული პირების კამპანია/აგიტაციაში ჩართვისას სავარაუდო ზეწოლა ქვემო ქართლში,  კახეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში.
  • პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან სავარაუდო გათავისუფლება -1 ფაქტი:
  • - პედაგოგის გათავისუფლება საბავშვო ბაღიდან.
  • სავარაუდოდ უკანონო შემოწირულობის 7 ფაქტი, მათ შორის:
  • - პრეზიდენტობის კანტიდატების მიხეილ ანთაძის, ზვიად მეხატიშვილის, ზვიადი ბაღდავაძისა და ზვიად იაშვილის უფასო პოლიტიკური რეკლამების განთავსება პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის − გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ  და პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი გორგაძის უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება პ/გ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატის − დავით ბაქრაძის სასარგებლოდ.
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების  5 ფაქტი, მათ შორის
    • - მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისთვის მხარდამჭერთა სიების მობილიზების დავალება, დაქვემდებარებული პირების ჩართვა აგიტაციაში;
    • - სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების და  საინფორმაციო მომსახურების გამოყენება სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.
  •  
  • უკანონო აგიტაციის სავარაუდო 4 ფაქტი, მათ შორის:
    • - საჯარო მოხელეების მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაცია სამუშაო საათების განმავლობაში სოციალური ქსელის პირადი გვერდების მეშვეობით;
    • - სასულიერო პირების მიერ სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო აგიტაცია;
    • - აგიტაცია საარჩევნო კომისიის წევრის მიერ.
  •  
  • კანდიდატებისათვის წინასაარჩევნო შეხვედრების ხელშეშლის ფაქტები:
    • - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისა და აქტივისტების მიერ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრების კონტრაგიტაცია და ხელშეშლა, რაც კამპანიურ ხასიათს ატარებდა, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატებისა და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და მათი შეურაცხყოფა სოციალური ქსელების საშუალებით.
    •  
  • სააგიტაციო მასალების დაზიანების  ფაქტები:
  •  
    • - მაგალითად გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერების წითლად შეღებვა, წარწერით - “KGB”, "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის პლაკატებზე საღებავის შესხმა და სხვა.

ტენდენციად გამოიკვეთა ე.წ. „ტექნიკური კანდიდატების“ დასახელება, რომელთა მიზანი არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერა და საარჩევნო სუბიექტებისათვის დამატებითი რესურსის (დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სარეკლამო დრო) მოპოვება იყო.

 

სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა

განსაკუთრებით აღსანიშნავია წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო პროცესებში ჩართული უწყებების (საარჩევნო ადმინისტრაცია, უწყებათაშორისი და კომუნიკაციების ეროვნული კომისია) მხრიდან დესტრუქციული, არაკოლეგიალური, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებული განცხადებების კეთების ტენდენცია არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით კი - სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ. ამან შექმნა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ადგილი ჰქონდა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საარჩევნო საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დელეგიტიმაციას და საზოგადოების, ისევე როგორც, არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციებში თვალში, მათი შეფასებების დისკრედიტაციას. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში, საკითხების ზედმეტი პოლიტიზირების და პოლარიზების საფუძველს მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრების განცხადებები ქმნიდა.

წინასაარჩევნო პერიოდში საიამ გამოაქვეყნა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც ორგანიზაციამ წარმოადგინა ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებით არჩეული პირების შესახებ, კერძოდ, მათი ნათესაური კავშირებისა და პოლიტიკური მიკერძოებულობის თაობაზე. სწორედ აღნიშნული ანგარიში გახდა საიაზე თავდასხმის საფუძველი როგორც ცესკოს თავმჯდომარის, ისე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის (იუსტიციის მინისტრის) მხრიდან, რითაც პირველ შემთხვევაში დაირღვა „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი“, ხოლო მეორე შემთხვევაში - საარჩევნო კოდექსით დადგენილი მანდატის ფარგლები.

 

საარჩევნო დავები

წინასაარჩევნო პერიოდში საიამ 9 საჩივარი/განცხადება წარადგინა საარჩევნო ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. მათ შორის: უკანონო აგიტაციის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, სუბიექტებისათვის აგიტაციაში ხელშეშლის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და  უკანონო შემოწირულობის თაობაზე.

საარჩევნო ადმინისტრაციაში წარდგენილი საჩივრებიდან  (ჯამში 7)   ერთი დაკმაყოფილდა და შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, ერთი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, ხოლო 5  - არ დაკმაყოფილდა.

საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო დავების განხილვისას გამოიკვეთა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები უმრავლეს შემთხვევაში, სრულყოფილად არ სწავლობენ საჩივრებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, არაჯეროვნად ატარებენ ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისად, იღებენ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის შესახებ. კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებისას, შემოიფარგლებიან მხოლოდ პოტენციური სამართალდამრღვევების პოზიციების გათვალისწინებით და გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, ხელმძღვანელობენ მხოლოდ მათ მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებების საფუძველზე. არ იკვლევენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას და თავის გადაწყვეტილებას აფუძნებენ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვისას, არ იცავენ „საარჩევნო დავების სახელმძღვანელოს“ მიხედვით განსაზღვრულ პროცედურას, რომლის თანახმადაც, „წარდგენილ განცხადებას/საჩივარს ზეპირი მოსმენით ერთპიროვნულად იხილავს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, რის თაობაზეც დგება ზეპირი მოსმენის ოქმი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო დავების განხილვისას, ხშირ შემთხვევებში, სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები იღებენ სამართლებრივად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს.

ორგანიზაცია აგრეძელებს საარჩევნო პროცესის მონიტორინგს და საზოგადოებას შეჯამებელ ანგარიშს შედეგების შეჯამების შემდგომ წამოუდგენს.

 

დამატებითი ინფორმაცია  - საიას სადამკვირვებლო მისია  კენჭისყრის დღეს

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში დააკვირდება (400 დამკვირვებლის საშუალებით).

ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება:

-  წინა არჩევნების დროს და წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე;[1]

- ეროვნული უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებულ ოლქებზე;

- საუბნო საარჩევნო კომისიების გარე პერიმეტრზე განვითარებული მოვლენებსა და  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა საქმიანობაზე (შსს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების შესრულებას);

-  აგრეთვე, ინკლუზიური საარჩევნო გამორემო, მათ შორის რა მდგომარეობაა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური/საარჩევნო უფლებების რეალიზების კუთხით. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ქალი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის კვლევა.   

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი (ნომერი: 032 2 18 26 30), რომლის მეშვებით  მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. საია, ასევე კონსულტაციას გაუწევს ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოსა და ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასდა მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 


[1] აღნიშნულ უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით.