გავრცელებული ინფორმაციით 2014 წლის 14 თებერვალს, ქ. თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხულ იქნა ლევან მარუაშვილი, დაკითხვამდე კი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი დაკითხვა შესაძლოა უკავშირდებოდეს ბაჩანა ახალაის მიმართ წაყენებულ ერთ-ერთ ბრალდებას.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რა პროცედურების დაცვით უნდა მოხდეს ჩხრეკის ჩატარება და მოწმის სტატუსით პირის დაკითხვა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას ან მფლობელობას ტარდება სასამართლოს განჩინებით, ან თანამესაკუთრის/თანამფლობელის, კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობით, რაც საკმარისია სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად. ხოლო, გადაუდებელი აუცილებლობის არასებობისას _ პროკურორის დადგენილებით, რომელიც შემდგომ უნდა დაკანონდეს სასამართლო წესით. აღსანიშნავია, რომ მესაკუთრის თანხმობა წინასწარ უნდა იქნეს გაცემული და არა მას შემდეგ, როდესაც უკვე ჩატარდება საგამოძიებო მოქმედება. ლევან მარუაშვილის განმარტებით, ჩხრეკასთან დაკავშირებულ თანხმობაზე ხელი მას ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში მოაწერინეს, მას შემდგომ, რაც ჩხრეკა უკვე დასრულებული იყო, რაც ცალსახად არღვევს კანონის მოთხოვნებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროკურატურაში მიყვანის შემდგომ, მოხდა მისი მოწმის სტატუსით დაკითხვა. მნიშვნელოვანია ასევე განიმარტოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის თანახმად, გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვა წარმოებს 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომლის 295-ე მუხლის თანახმად, მოწმეს, გამომძიებელთან ან პროკურორთან უწყებით იძახებენ. მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით (სსსკ-ის 94-ე მუხლი (1)). ხოლო თუ მოწმის სტატუსით დაბარებული პირი არ ცხადდება, ხდება მისი იძულებით მოყვანა (94-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ლევან მარუაშვილის განმარტებით, მას არ ჩაბარებია უწყება და მის მიმართ პირდაპირ იქნა გამოყენებული იძლებითი მიყვანა, რაც ასევე სცდება კანონის მოთხოვნებს.
საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ნუ გასცდებიან კანონის მოთხოვნებს და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში დაცული იყოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.
აქვე კიდევ ერთხელ გვსურს დავაფიქსიროთ უარყოფითი დამოკიდებულება მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებასთან დაკავშირებით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარებაზე და ახანგრძლივებს სისხლის სამართლის პროცესში მხარეების არათანასწორ მდგომარეობას.