საიას ადვოკატების დახმარებით მოქალაქემ დევნილის სტატუსი მიიღო
2010-05-14 11:52
საია საადვოკატო მომსახურეობას უწევდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თამარაშენიდან იძულებით გადაადგილებულ თ.მ.-ს. მან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართა განცხადებით დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა მისი განცხადება სამინისტრომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად განიხილება მოთხოვნაზე უარის თქმად. ამიტომ, უარი გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც თ.მ-ს ინტერესებს იცავდა საია. სასამართლომ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინსიტროს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის 1 თვის ვადაში გამოცემა თ.მ.-სთვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ თ.მ. აკმაყოფილებდა დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სამინისტრომ გამოსცა აქტი, რომლითაც თ.მ-ს ისევ უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, რაც ჩვენს მიერ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელის წარდგენის საფუძველი გახდა.
საბოლოოდ სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც თ.მ.-ს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე და სამინისტროს დაევალა აქტის გამოცემა თ.მ.-ს დევნილად ცნობისა და მისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.