სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ირაკლი ხოფერიას საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

2017-04-13 17:54
Featured image

როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებით საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, ირაკლი ხოფერია 2017 წლის 16 თებერვალს სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და მასზე განახორციელეს ძალადობა. ირაკლი ხოფერიას განმარტებით, მას სთხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, ემუქრებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებით და პარალელურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მას შემდგომ, რაც გაირკვა, რომ ირაკლი ხოფერია შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს, იგი გაათავისუფლეს. ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ხოფერიას აღენიშნებოდა ,,თავის ტრავმა, [...] გულმკერდის ზედაპირული ტრავმა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობებით. სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები მიყენებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით“.

აღსანიშნავია, რომ გამოძიება შემთხვევიდან მხოლოდ ერთი თვის შემდგომ, 2017 წლის 15 მარტს დაიწყო. ქ. თბილისის პროკურატურის 2017 წლის 3 აპრილის წერილობითი პასუხის მიხედვით, გამოძიება მიმდინარეობს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ, 2017 წლის 16 თებერვალს, მოქალაქე ირაკლი ხოფერიას წამების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამომდინარე იქედან, რომ პროკურატურამ საკუთარი ინიციატივით ირაკლი ხოფერია დაზარალებულად არ ცნო, 2017 წლის 5 აპრილს წარდგენილი განცადებით, ირაკლი ხოფერიამ თავად მოითხოვა მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, თუმცა, წარდგენილ განცხადებას პროკურატურის პასუხი არ მოჰყოლია. აღნიშნულით კი, ილახება ირაკლი ხოფერიას ინტერესები და მას არ ეძლევა შესაძლებლობა ჰქონდეს წვდომა საქმის მასალებზე, და შესაბამისად - მინიმალური ინფორმაციაზე მის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

აქვე განვმარტავთ, რომ დაზარალებული არის პირი, რომელსაც ობიექტურად ყველაზე დიდი ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სამართალწარმოების მიმართ. სწორედ ამ მიზნით, ის სათანადოდ უნდა იქნეს ჩართული სამართალწარმოების პროცესში. დაზარალებულის პროცესუალური სტატუსის გარეშე კი ირაკლი ხოფერია მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს იმ უფლებებით, რასაც კანონმდებლობა დაზარალებულს ანიჭებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული წარმოადგენს განსაკუთრებული ზრუნვის საგანს, ხშირად, მას საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ხარვეზები ხელს უშლის ეფექტურად დაიცვას თავისი უფლებები. პროკურორის თითქმის შეუზღუდავი დისკრეციის პირობებში დაზარალებულებისათვის რაიმე სახის რეაბილიტაცია ან სამართლიანობის მიღწევა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

საია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ როდესაც საუბარია სავარაუდოდ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ წამების ან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სახელმწიფოს აქვს მომეტებული პასუხისმგებლობა, გამოიჩინოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოძიების პროცესში, რათა არ გაჩნდეს კითხვები სამართალწარმოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და ეფექტურად წარმართვასთან დაკავშირებით.