სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ 17 მაისს დაზარალებული პირის საქმესთან დაკავშირებით საჩივრით პროკურატურას მიმართა

2018-07-05 13:13
Featured image

 

2018 წლის 17 მაისს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას, ნიკა გორგილაძის მიმართ განხორციელდა თავდასხმა.[1] დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიებას საპროცესო ხელმძღვანელობას უწევს თბილისის პროკურატურა.

გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურამ საკუთარი ინიციატივით ნიკა გორგილაძე დაზარალებულად არ სცნო, 2018 წლის 22 ივნისს საიამ განცხადებით მიმართა თბილისის პროკურატურას და მოითხოვა ნიკა გორგილაძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, რაზედაც დღემდე პასუხი, მათ შორის დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება, არ მიგვიღია. 2018 წლის 26 ივნისს კვლავ მივმართეთ თბილისის პროკურატურას, რათა გადმოეცათ დადგენილება დაზარალებულად ცნობის ან მასზე უარის თქმის შესახებ, თუმცა ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც არ მიგვიღია პასუხი დღემდე.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დაიცვას ყველა მოქალაქე და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციის, განსხვავებული შეხედულებების ან სხვა ნიშნისა. აქვე განვმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, დაზარალებული არის პირი, რომელსაც ობიექტურად ყველაზე დიდი ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სამართალწარმოების შედეგების მიმართ. აქედან გამომდინარე, ნიკა გორგილაძე სათანადოდ უნდა იქნეს ჩართული როგორც გამოძიების, ისე სამართალწარმოების პროცესში.

მიგვაჩნია, რომ პროკურატურის უმოქმედობით ილახება ნიკა გორგილაძის კანონიერი ინტერესები. კერძოდ, მას არ აქვს საქმის მასალებსა და მიმდინარე თუ უკვე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომა. ამასთან, უცნობია დანაშაულის კვალიფიკაცია. შესაბამისად, მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას ნიკა გორგილაძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და დანაშაულის სწორი კვალიფიკაციით გამოძიების წარმართვასთან დაკავშირებით.

 


[1] http://liberali.ge/news/view/36792/video-antihomofobiur-aqtsiaze-sityvit-gamomsvlels-tavs-daeskhnen