საია უარყოფითად აფასებს სარეზერვო ფონდებთან მიმართებაში განხორციელებულ ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს
2010-02-09 09:43
2009 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი მიიღო, რომელმაც ახლებურად მოაწესრიგა მთელი რიგი საკითხები. ძირეული ცვლილებები შეეხო საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებს.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2004 წლიდან არსებობს, მთავრობის სარეზერვო ფონდი კი 2005 წლიდან შეიქმნა. სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმები არსებობის დღიდან არაერთ ცვლილებას დაექვემდებარა. ყოველი მათგანი არსებითად ამცირებდა ნორმის ტექსტის მოცულობას, შესაბამისად, პირდაპირპროპორციულად ზრდიდა ფონდების მიზანს, დანიშნულებას და პრეზიდენტისა და მთავრობის თავისუფალი მოქმედების მასშტაბებს. სარეზერვო ფონდებთან მიმართებაში ასეთი ტიპის ცვლილებებს ყოველწლიურად ჰქონდა ადგილი:
2005 წელი
• თუ სარეზერვო ფონდებიდან თანხები გამოიყოფოდა "გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებების" დასაფინანსებლად, ცვლილების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას საშუალება მიეცათ დაეფინანსებინათ “გაუთვალიწინებელი სახელმწიფო ხარჯები”, რითაც გაფართოვდა ფონდების დანიშნულება და მის ფარგლებში უფრო მეტი ღონისძიების მოქცევა გახდა შესაძლებელი.
2006 წელი
• ამოვარდა სპეციალური ნორმა ფინანსთა სამინისტროს მიერ სარეზერვო ფონდების კონტროლისა და პარლამენტის წინაშე კვარტალური ანგარიშების წარდგენის შესახებ;
• ცვლილებები შევიდა "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში, რითაც დადგინდა, რომ იგი საერთოდ აღარ გავრცელდებოდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განსახორციელებელ შესყიდვებზე;
• პრეზიდენტსა და მთავრობას შესაძლებლობა მიეცათ თავიანთი აქტით დაედგინათ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვების განხორციელება, თანხის ოდენობის მიუხედავად.
2007 წელი
• ტერმინი “გაუთვალიწინებელი სახელმწიფო ხარჯი” ამჯერად “სახელმწიფო გადასახდელმა” ჩაანაცვლა;
• მხარჯავ დაწესებულებას მოეხსნა სახსრების გამოყოფის თაობაზე შესაბამისი განაცხადის წარდგენის ვალდებულება, რომელიც მოიცავდა გასაწევი ხარჯის დასაბუთებას, თანხის მოცულობისა და მიზნობრიობის ჩათვლით. ცვლილებით ბუნდოვანი გახდა თანხის გამოყოფის პროცესის დაწყების სამართლებრივი საფუძველი.
2008 წელი
• ცვლილებები შევიდა "სახელმწიფო შესყიდვების" შესახებ საქართველოს კანონში და ამჯერად მისი მოქმედების სფეროს მიღმა დარჩა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით განხორიციელებული სახელმწიფო შესყიდვები.
2009 წელი
• საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიენიჭა უფლებამოსილება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, თუ მისი ოდენობა არ აღემატება 100 000 ლარს. შედეგად, გამოირიცხა საქართველოს მთავრობის, როგორც კოლეგიური ორგანოს უფლებამოსილება განკარგოს სარეზერვო ფონდები.
ახალმა საბიუჯეტო კოდექსმა საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის ზემოთ აღწერილი ტენდენცია შეინარჩუნა.
2010 წელი
• კანონის ახალი რედაქციით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოსაყოფად საკმარისია სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების არსებობა, რაც მხოლოდ ობიექტურად გაუთვალისწინებელ მოვლენების დაფინანსებას აღარ გულისხმობს. ძველი ნორმისაგან განსხვავებით, აღარ არის აუცილებელი სახეზე იყოს „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევები, როგორებიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები.“ აღნიშნული კრიტერიუმები საერთოდ ამოვარდნილია ნორმის ტექსტიდან.
• სარეზერვო ფონდების მოცულობა წლიური საბიუჯეტო კანონით განისაზღვრება. ძველი რედაქციით, ასიგნებების გადანაწილება სხვადასხვა მხარჯავ დაწესებულებებს შორის მხოლოდ პარლამენტის უფლებამოსილებას შეადგენდა. ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილი იყო ერთი დაწესებულების შიგნით გადაენაწილებინა თანხები. მოქმედი რედაქციით, დამატებით, პარლამენტის გვერდის ავლით შექმნილია თანხების გადანაწილების მეორე გზაც, როდესაც საქართველოს მთავრობის მიიღებს გადაწყვეტილებას თანხების საერთო-სახელმწფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე (მათ შორის სარეზერვო ფონდებზე) გადანაწილების შესახებ.
უკანასკნელი ცვლილებებით, სარეზერვო ფონდების მიზანი უკიდურესად გაფართოებულია. ასევე, იქმნება საფრთხე, რომ აბსოლუტურად უკონტროლო გახდეს ფონდების მოცულობა, რითაც ზიანი ადგება ბიუჯეტის ყოვლისმომცველობას, რაც გულისხმობს ბიუჯეტის ყველა შემოსულობის, გადასახდელისა და ნაშთის ცვლილების სრულყოფილად ასახვას წლიურ საბიუჯეტო კანონში. ამასთან, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ასეთი მანიპულაციების ლეგიტიმაციის საკითხი გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან პარლამენტის გამორიცხვის გამო.