სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საკონსტიტუციო სამართალოს განსახილველ საქმეზე წერილობითი მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართავს

2009-11-26 12:48
Featured image
2009 წლის 22 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა დამატებები შეიტანა ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონში. საკონსტიტუციო სამართალწამოებაში ,,სასამართლოს მეგობრის” ინსტიტუტი შემოიღეს. აღნიშნული უფლებას აძლევს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმეთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრება წარუდგინოს.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კანონში შესული ცვლილებების შემდეგ პირველია, რომელმაც ამ შესაძლებლობით ისარგებლა. 2009 წლის 26 ნოემბერს საიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა წერილობითი მოსაზრება სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით. წერილობითი მოსაზრება ასევე გაეგზავნა, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარეს.


სახალხო დამცველი ითხოვს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,სხვა ფიზიკური პირის წინ” სიტყვები ,,საქართველოში მცხოვრებ” და სიტყვების ,,იურიდიული პირის” წინ სიტყვა ,,საქართველოს” არაკონსტიტუციურად ცნობას.

აღნიშნული ნორმა შესაძლებლობას ართმევს, საზღვარგარეთ მცხოვრებ სხვა ქვეყნის მოქალაქეს და სხვა ქვეყნის იურიდიულ პირს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეთანხმება საქართველოს სახალხო დამცველს და მიიჩნევს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებების დასაცავად საკონსტიტუციო სასამართლო ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს იურიდიქციის ქვეშ მყოფი იმ უცხოელისათვის, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოში და უცხოური იურიდიული პირისათვის. ,,სასამართლოს მეგობრის” წერილობით მოსაზრებაში დეტალურად არის მიმოხილული საქართველოს ის ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებენ იმ უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებრივ მდგომარეობას, რომლებიც არ არიან დაკავშირებული საქართველოს ტერიტორიასთან, ასევე საქართველოს მიერ რატიფიცირებული ის საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აკისრებს ვალდებულებას, თავისი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოს ყველას ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა.