სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მოუწოდებს ცესკოს შეცვალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი

2015-12-30 13:44
Featured image

2015 წლის დეკემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანს საოლქო საარჩევნო კომისიებში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე მაღალკვალიფიციურ წევრთა შერჩევა წარმოადგენს. კონკურსი 65 საოლქო საარჩევნო კომისიაში, 193 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადდა. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა ეტაპობრივად, 2016 წლის 12 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით განხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის არჩეული წევრები თანამდებობებს მომავალი ხუთი წლის მანძილზე დაიკავებენ და ისინი პასუხისმგებლები იქნებიან 2016 -2018 წლებში გასამართი როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე.

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და საარჩევნო კომისიებში არსებულ ძალთა გადანაწილება დომინირებულ მდგომარეობას ანიჭებს ერთ პოლიტიკურ ძალას  საარჩევნო ადმინისტრაციაში, რის გამოც საარჩევნო კომისიების შექმნის წესი  არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი პოლიტიკური გაერთიანებების მხრიდან. ბოლო წლებში საარჩევნო კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა, თუმცა ცვლილებები არ შეხებია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს, რასაც წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ითხოვდნენ.

საია წლების განმავლობაში აფიქსირებდა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების მონიტორინგის დროს გამოვლენილ ხარვეზებს და საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავდა. საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, მთელ რიგ შემთხვევებში, საოლქო საარჩევნო კომისიები პროფესიული ნიშნით იმ პირებს ირჩევდნენ საუბნო საარჩევნო კომისიებში, რომლებიც წინა არჩევნებზე პარტიების მიერ იყვნენ წარდგენილნი საარჩევნო ადმინისტრაციაში.[1] მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შინაარსის აკრძალვას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა არ იცნობს, ჩვენი მოსაზრებით, ამგვარი პრაქტიკა ეჭვის ქვეშ აყენებდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი წევრებით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების არსს და უარყოფითად მოქმედებდა საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სანდო ადმინისტრაციული ორგანოს იმიჯზე.  ჩვენი მოსაზრებით, საარჩევნო ადმინისტრაციის ზემდგომი ორგანოები (ცესკო, ოლქი) მხოლოდ პროფესიული ნიშნით უნდა დაკომპლექტდეს აპოლიტიკური და დამოუკიდებელი წევრებით. ამასთან, უნდა შემცირდეს კომისიის წევრთა რაოდენობა და შემოღებულ უნდა იქნეს ორი დონის სერტიფიცირება. წევრების შერჩევა უნდა მოხდეს შემთხვევითი შერჩევით, წინასწარ შედგენილი სერტიფიცირებული წევრთა ბაზიდან.

მოქმედი კანონმდებლობით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით. თუმცა, ცესკო კონკურსს ატარებს კანდიდატთან გასაუბრების გარეშე და კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას თითოეული  კანდიდატის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.[2] თუ ცესკო ჩათვლის საჭიროდ, მას უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით მოითხოვოს კანდიდატთან გასაუბრება და მიიწვიოს ის კომისიის სხდომაზე.[3]

მიგვაჩნია, რომ კონკურსის ჩატარების არსებული წესი პრობლემურია მთელი რიგი მიზეზების გამო და ის გადახედვას საჭიროებს: კონკურსის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა, რამაც საბოლოოდ ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო ადმინისტრაციაში მაღალკვალიფიციურ წევრთა შერჩევას.[4]  აღნიშნულის გათვალისწინებით, კანდიდატის მოსმენისა და მასთან გასაუბრების გარეშე, მხოლოდ კომისიაში წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შეუძლებლად მიგვაჩნია კანდიდატის პიროვნული თვისებების, შესაძლებლობებისა და  პროფესიული ჩვევების შესაბამისობის დადგენა დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან. ასეთი პრაქტიკა არ ქმნის ობიექტურ წინაპირობებს საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური, დამოუკიდებელი და მაღალი ეთიკის მქონე პირების შესარჩევად.[5]

2015 წლის 11 დეკემბერს საიამ განცხადებით მიმართა ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსზე დაკვირვება მოითხოვა.[6] მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს განცხადებით, კონკურსის ყველა ეტაპის საჯაროობა გარანტირებულია საარჩევნო კოდექსითა და  მის საფუძველზე გამოცემული ცესკოს კანონქვემდებარე აქტით, ცესკომ უარი გვითხრა კონკურსის დაკვირვებაზე. ცესკოს განცხადებით, არც საარჩევნო კოდექსი და არც კონკურსის ჩატარების დებულება არ განსაზღვრავს რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის უფლებას განახორციელოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობაზე დაკვირვება. თუმცა, ვინაიდან კონკურსებთან დაკავშირებული არჩევის ვადები ემთხვეოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების პერიოდს, განგვემარტა, რომ თუ აკრედიტაციას გავივლიდით ცესკოში  გარდაბნის არჩევნებისთვის, ამ შემთხვევაში, ცესკოში რეგისტრირებული დამკვირვებლების მეშვეობით შესაძლებლობა გვექნებოდა დავკვირვებოდით საარჩევნო პერიოდში გამართულ ცესკოს სხდომებს.[7]

გვინდა განვმარტოთ, რომ ცესკოს წერილის ის ნაწილი, რომლითაც უარი გვეთქვა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურის დაკვირვებასა და ცესკოს სხდომებზე დასწრებაზე, არ მოდის შესაბამისობაში როგორც მოქმედი კანონმდებლობის, ასევე ცესკოს მიერ მიღებული დადგენილების მოთხოვნებთან.  გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არც საარჩევნო კოდექსი და არც კონკურსის ჩატარების დებულება არ შეიცავს რაიმე მინიშნებას კონკურსის რომელიმე ეტაპის ფარულ პრინციპზე. პირიქით, დებულების თანახმად, კონკურსის ერთ-ერთი პრინციპია საჯაროობა, რაც ჩვენი მოსაზრებით არ უნდა იქნეს გაგებული ვიწრო გაგებით, მხოლოდ კონკურსის შედეგებისა და ზოგადი ინფორმაციების განსაჯაროებით.  კონკურსის ყველა ეტაპზე ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. მიუხედავად იმისა, კონკურსის ჩატარების პერიოდი ემთხვევა თუ არა საარჩევნო პერიოდს, მიგვაჩნია, რომ ცესკოს სხდომები უნდა იყოს ღია და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევის პროცედურაზე დაკვირვება უნდა იყოს შესაძლებელი ნებისმიერ დაინტერესებული პირისთვის.

შესაბამისად, ვაპირებთ თვალყური მივადევნოთ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის პროცესს[8] და მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია დაკვირვების მიმდინარეობისა და გამოვლენილი ტენდენციების შესახებ. ამასთან, პროცესის მნიშვნელობიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ცესკოს, გადახედოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესს, ჩაატაროს გასაუბრება  თითოეულ კანდიდატთან და საკითხის სრულყოფილი შესწავლისა და შეფასების შედეგად უზრუნველყოს ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილებების  მიღება.

               

 


[1] მაგალითად, 2013 წლის 27 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიებში პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრებიდან საუბნო საარჩევნო კომისიების 14 თავმჯდომარე და 15 მოადგილე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრები იყვნენ. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სხვადასხვა პარტიის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში იყვნენ დანიშნული. https://gyla.ge/ge/post/arasamtavrobo-organizaciebi-ceskos-ganckhadebas-ekhmaurebian-49

[2] კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველო ქმედუნარიან მოქალაქეებს 21 წლიდან, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას, აქვთ უმაღლესი განათლება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი და რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-20 მუხლის მე-11 და მე-17 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

[3] ცესკოს 2012 წლის 2 მარტის დადგენილებით დამტკიცებული „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულება,“ მუხლი 8.4.

[4] ცესკოს 2012 წლის 2 მარტის დადგენილებით დამტკიცებული „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულება,“ მუხლი 2.

[5] საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); საარჩევნო ოლქის ნომერი და სახელწოდება, სადაც მას სურს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობა. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს: ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი; გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი; ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

[6] განცხადება ცესკოს თავმჯდომარის სახელზე, 11.12.2015 #გ-01/134.15

[7] ცესკოს პასუხი საიას. 18/12/2016 #01-02/1897

[8] განცხადება ცესკოს თავმჯდომარის სახელზე, 11.12.2015 #გ-01/134.15