12 დეკემბერს კაფე ქარავანში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დისკუსიის ფორმატში წარმოადგინა კონტროლის პალატის რეფორმასთან დაკავშირებული კონცეფცია.
პრეზენტაციას საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი, საქართველოს პარლამენტის იურიდიული და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრები, კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე ექსპერტები ესწრებოდნენ.
დღეისათვის საქართველოში აქტიურად დგას კონტროლის პალატის რეფორმის და აუდიტის სისტემაზე გადასვლის საკითხი. აღნიშნულ პროცესში წვლილის შესატანად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ Aდამ შმიტჰ Iნტერნატიონალ და ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელის – UGPN-ის მეშვეობით შექმნა უმაღლესი აუდიტის სისტემის კონცეფცია, რომელშიც საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებსა და სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებაზე დაყდრნობით გაანალიზებულია, თუ როგორი რეფორმა უნდა განიცადოს დღეს არსებულმა საქართველოს კონტროლის პალატამ იმისათვის, რომ მისი საქმიანობა შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.
კონცეფციაში გაანალიზებულია საკითხები, რომლებიც აუცილებელია ქვეყანაში სახელმწიფო კონტროლის სისტემის აუდიტის სისტემით ჩანაცვლებისათვის და შემუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციები.
კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელის – UGPN-ის მიერ ორგანიზებული “დებატების პლატფორმის” ფორმატში. აქვე, განიხილება საქართველოს კანონმდებლობის და პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტის “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” დადებითი და უარყოფითი მხარეები, მათი შესაბამისობა აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან და მოსალოდნელი ცვლილებები.
ღონისძიება საიას მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში მოეწყო.
იხ. კონცეფცია და რეკომნდაციები.