საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს წერილობითი დასკვნა წარუდგინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანია. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების მოვალეობის შემსრულებლებისათვის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებასა და შესაბამისად, ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ჩატარების ვადების გადაწევას, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს საჯარო სამსახურის სტაბილურობასა და ზოგადად, მის სამომავლო განვითარებას. პირველ რიგში, გვინდა უკმაყოფილება გამოვთქვათ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის დაჩქარებულ ტემპებთან დაკავშირებით. საიამ პარლამენტიდან კანონპროექტი მას შემდეგ მიიღო, რაც კომიტეტებს პირველი მოსმენით ის უკვე განხილული ჰქონდათ. რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსობრივ მხარეს, აღნიშნული სრულიად დაუსაბუთებელია. უახლოეს თვეებში ჩასატარებელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჭრილში კი ის გარკვეულ ეჭვებსა და ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა დააბრკოლოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებული ვაკანტური თანამდებობების კონსურსის წესით შევსება და უარი უნდა თქვას წინამდებარე კანონპროექტის მიღებაზე.
საიას დასკვნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგი ბმულის მეშვეობით.