საია 23 ნოემბერს მომხდარ ფაქტს აფასებს
2009-11-24 15:38
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მშვიდობიანი შეკრების უფლების უხეშ ხელყოფად აფასებს 23 ნოემბერს მოძრაობა ,,7 ნოემბრის” სამი წევრის, ირაკლი კორძაიას, დაჩი ცაგურიას და ჯაბა ჯიშკარიანისათვის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლის ფაქტს.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება “წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.”
მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, თბილისის მერიამ უარი განუცხადა აქციის ორგანიზატორებს შეტყობინების მიღებაზე, იმ მოტივით, რომ “გიორგობის დღესასწაულზე თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ და წმინდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიასთან როგორც რელიგიური, ასევე სამოქალაქო ღონისძიებები ჩატარდება. შესაბამისად, თქვენი გაფრთხილება მიღებული არ არის.”
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, არ მიიღოს გაფრთხილება, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. ერთადერთი, რისი გაკეთების უფლებამოსილებაც კანონის თანახმად მერიას ქონდა, იყო შეკრების ორგანიზატორებისთვის რეკომენდაციით მიმართვა შეკრების ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის შესახებ, რაც არ განხორციელებულა.
საპატრულო პოლიციის მხრიდან იმის განცხადება, რომ ირაკლი კორძაიამ, დაჩი ცაგურიამ და ჯაბა ჯიშკარიანმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესი, მოკლებულია ელემენტარულ სამართლებრივ დასაბუთებას. ტელეკომპანიების “მაესტრო” და IთV.გე-ს მიერ გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ დემონსტრანტები მაქსიმალურად იყვნენ მოცილებული პარლამენტის შენობიდან, ისინი არ გადასულან გზის სავალ ნაწილზე და ხელს არ უშლიდნენ ხალხისა და ტრანსპორტის მოძრაობას. შესაბამისად, შეკრების მონაწილეების მხრიდან არ დარღვეულა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესი.
საქართევლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, საპატრულო პოლიცია აშკარად გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, როდესაც მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები მომენტალურად, აქციის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნის წაყენების გარეშე დააკავა. ეს გარემოება აქარწყლებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობის შემადგენლობის არსებობას.
სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ისევე, როგორც ანალოგიური შინაარსის ადმინისტრაციული დაკავების საქმეების განხილვისას, არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და საქმე მიკერძოვებულად, გარემოებების ობიექტური ანალიზის გარეშე გადაწყვიტა.