სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საგრანტო კონკურსი ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშემწყობი საგრანტო პროგრამა: ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ/საარჩევნო უფლებების რეალიზების კვლევა/ანალიზი

2016-08-09 18:00

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ (USAID) პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში, იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ/საარჩევნო უფლებების რეალიზების შესწავლის მიზნით,  საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 

პროექტის - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ - ძირითადი ამოცანებია:

-ობიექტური, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების ხელშეწყობა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგელობის ზომების გამოყენებისას  პოლიტიკურად აქტიური პირების წინააღმდეგ;

-საარჩევნო დავების მიზნებისათვის ხელმისაწვდომი სამართლიანი სასამართლოსა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა;

-საარჩევნო დავებზე სტრატეგიული სამართალწარმოება და საქმეებზე დაკვირვება;

-ინკლუზიური, კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება შემდეგ რეგიონებში: თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, გურია.

 

გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ინკლუზიური, კონკურენტული გარემოს შექმნას 2016-2018 წ.წ. არჩევნების განმავლობაში, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ოლქებში

 

პროექტის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ა) საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა/ანალიზი;

ბ) საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის დადგენა;

გ) 2016-2018 წ.წ. არჩევნებზე ეთნიკურად კომპაქტურად დასახლებულ ოლქებში კენჭისყრის დღის დაკვირვებისა და ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და საარჩევნო უფლებების რეალიზების შესაძლებლობების შესწავლა.

საპროექტო განაცხადი  მიზნად ისახავს:

 

-პოლიტიკური/საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობას;

-არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების გაზრდას;

- საარჩევნო პროცესებისა და ამ პროცესებში არსებული კანონმდებლობის ანალიზი და  საერთაშორისო სტანდარტებისა და კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა;

- საარჩევნო პროცესის სამართლიანად, ეფექტიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის საჭირო სხვა ნაბიჯების გადადგომას.

 

წარდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

 

- ნათლად იყოს დასაბუთებული პროექტში დასმული საკითხის/პრობლემის აქტუალობა;

- ნათლად ჩანდეს, რომ განმცხადებელ ორგანიზაციას ესმის, რა გარემოში/ვითარებაში მოუწევს პროექტის განხორციელება;

- საკითხის გადასაჭრელად შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა იყოს კონკრეტული, რეალისტური და კარგად სტრუქტურირებული;

- პროექტის მიზნების მისაღწევად ხელი შეუწყოს არასამთავრობო სექტორს, ხელისუფლებას, მედიას, ბიზნესს, მოქალაქეებს და/ან სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას;  

- გაანალიზებული იყოს პოტენციური რისკები და მათი შემცირების/პრევენციის გზები.

 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება და კონკურსს ავტომატურად გამოეთიშება პროექტები, რომლებიც გულისხმობენ: 

 

- რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას ან/და ლობირებას;

- რელიგიურ ღონისძიებებს (თუმცა, შესაძლოა დაფინანსდეს რელიგიური ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი განაცხადი, რომელიც არ ემსახურება რელიგიურ მიზნებს და შეესაბამება მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამის მოთხოვნებს);

- ჰუმანიტარულ საქმიანობას;

- მეცნიერულ კვლევას;

- ტრენინგს ორგანიზაციული განვითარებაზე ან/და დაფინანსების ახალი წყაროების განსაზღვრაზე (ე.წ. ფანდრაიზინგზე);

- ინდივიდუალურ ან/და ჯგუფურ სამოგზაურო გრანტებს;

- კომერციული დანიშნულების კაპიტალურ მშენებლობას.  

 

 

გრანტების გაცემა

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ერთი პროექტი.  პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 33,000 აშშ დოლარს, ხოლო ხანგრძლივობა გათვალისწინებულია ეტაპობრივად 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის და მოიცავს, საპარლამენტო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს პრაქტიკის ანალიზს (იხ. პროექტის განხორციელების განრიგი), ასევე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეთნიკურად კომპაქტურად დასახლებულ ოლქებში კენჭისყრის დღის მონიტორინგის განხორციელებას.

 

საგრანტო თანხების გამოყენება მხოლოდ პროექტში გაწერილი საქმიანობისთვის არის შესაძლებელი. საია იტოვებს უფლებას, დააფინანსოს ნებისმიერი წარმოდგენილი პროექტი ან არ დააფინანსოს არცერთი. 

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები და დაფინანსების პრიორიტეტები

მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ან/და რამდენიმეს ერთად, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: 

 

  1. საქმიანობენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამასთანავე კარგად იცნობენ რეგიონებში არსებული გამოწვევებს საპროექტო თემის ირგვლივ;
  2. აქვთ  საარჩევნო/ეთნიკური უმცირესობების თემატიკის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; 
  3. საქმიანობის განხორციელების მიზნით იყენებენ ინოვაციურ მეთოდებს/ტექნოლოგიებს (მაგ. SMS გამოკითხვებს, ონლაინ ინსტრუმენტებს და ა.შ.); 
  4. პროექტის განხორციელებაში სხვადასხვა გზით რთავენ მოქალაქეებს; მაგ. მოხალისეების მობილიზებით.

 

ორგანიზაციებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები: 

 

- ჰქონდეთ მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.

- ჰქონდეთ გამჭვირვალე საბუღალტრო სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან

- არ ჰქონდეს დავალიანება. ნებისმიერი ვალი სახელმწიფოს ან სხვა პირის წინაშე უნდა იყოს ჩამოწერილი/ანაზღაურებული, ან ვალის დაფარვა უნდა მოხდეს საიას გრანტის პირველი ტრანშის მიღებამდე;

- უნდა ფუნქციონირებდეს როგორც დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია.

 

საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პარლამენტის წევრებს,  საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს არ აქვთ უფლება, იყვნენ პროექტის დირექტორები, ან/და პროექტიდან მიიღონ ანაზღაურება.

 

საგრანტო განაცხადების წარდგენის პროცედურები  

 

საგრანტო განაცხადების წარდგენა ხდება ქართულ ენაზე. განაცხადები მიიღება ნაბეჭდი სახით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში წარმოდგენით.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:  

 

  1. საგრანტო განაცხადი - შევსებული სააპლიკაციო ფორმა და პროექტის ბიუჯეტი (თანდართული ფორმატის მიხედვით);
  2. ორგანიზაციის წლიური ანგარიში (ფინანსური და ტექნიკური) - ასეთის არსებობის შემთხვევაში; 
  3. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ფარგლებში იგეგმება სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან/და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, ამ ორგანიზაციების თანხმობის წერილები;
  4. ორგანიზაციის უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ამობეჭდეთ ვებ-გვერდიდან http://www.reestri.gov.ge/);  
  5. ორგანიზაციის უახლესი შედარების აქტის ასლი (ამობეჭდეთ ვებ-გვერდიდან www.rs.ge);
  6. ორგანიზაციის შიდა რეგულაციები.
  7. იმ შემთხვევაში თუ განაცხადს რამდენიმე ორგანიზაცია ერთად წარმოადგენს,  თანდართული დოკუმენტებიც ყველა ორგანიზაციაზე უნდა იყოს წარმოდგენილი.

 

ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი მის მიერ უნდა იყოს მომზადებული. პლაგიატის შემთხვევაში ორგანიზაცია ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

 

წარმოდგენილი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

- პროექტის აღწერა (35%)

- მენეჯმენტი და ტექნიკური შესაძლებლობა (30%)

- ხარჯების გონივრულობა (25%)

- მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (10%)

 

 

წარმოდგენილ საგრანტო განაცხადებს საია გამოიყენებს მხოლოდ კონკურსის მიზნებისთვის და მათ არ გადასცემს სხვა ორგანიზაციებს/პირებს. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა ან/და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). სხვა დონორებთან კოორდინაციის მიზნით, საგრანტო კონკურსში დაფინანსებული პროექტების შესახებ მოკლე ინფორმაცია გავრცელდება იმ ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში.

საკონტაქტო ინფორმაცია

სააპლიკაციო ფორმა: ფორმა1 ფორმა2

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: info@gyla.ge

 

 

 

 

საიას ინკლუზიური საარჩევნო განვითარების პროგრამას აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგეტო (USAID).