სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ოჯახში ძალადობის საქმეზე მოსამართლეს კანონი დაავიწყდა

2016-12-21 22:40
Featured image

ალბათ, ეს ბლოგიც დამატებითი წყარო გახდება იმ საერთო დისკუსიისა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ირგვლივ არსებობს. მე მოგიყვებით ერთი  შემთხვევის შესახებ, რომელიც სხვადასხვა მანკიერ პრაქტიკაზე მიანიშნებს. ამ საქმეზე უკვე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს, თუმცა ჩემს მიზანს არ წარმოადგენს პროცესების სოციალურ ქსელში გადმოტანა. სხდომები საჯაროა, ამიტომ საზოგადოებას აქვს უფლება თვალი ადევნოს საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ პირს ბრალი წაუყენა მეუღლის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობისთვის. მეუღლის მიერ ჩადენილი დანაშაული სავარაუდოა, რადგან სასამართლოს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა თავის ცოლს ჩანგალი ჩაარტყა ხელში. სავარაუდო მოძალადე დააკავეს და სასამართლოს წარუდგინეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. პროცესის დროს გაირკვა, რომ ბრალდებულს ნასვამ მდგომარეობაში უჭირდა თავისი საქციელის გაკონტროლება. უფრო მეტიც, საქმეში არსებობდა შემაკავებელი ორდერიც, რაც ძალადობის სისტემურ ხასიათსა და  არაერთჯერად ძალადობრივ ისტორიაზე მიანიშნებს. ამ ყველაფრის ფონზე, პროკურორმა პატიმრობის გამოყენება ითხოვა მოსამართლისგან.

ბრალდებულმა აქცენტი დანაშაულის შემთხვევითობაზე გააკეთა და მოსამართლეს პატიება სთხოვა. თან აღნიშნა, რომ ეჭვიანობდა ცოლზე და უჭირდა საკუთარი ქმედებების გაკონტროლება.  მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს ერთ-ერთი მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება - გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმება შეუფარდა. იმისათვის, რომ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმება აუცილებელია, რომ ჩადენილი დანაშაული არ ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით 1 წელზე მეტი ვადით. ხოლო, ეს დანაშაული, რომლითაც მიმდინარეობს სავარაუდო მოძალადის საქმის განხილვა, ერთ წელზე მეტი ვადით - 2 წლით ისჯება. ამდენად, მოსამართლემ დაუშვა შეცდომა - გამოიყენა ისეთი სახის ღონისძიება, რომელსაც კანონი უკრძალავდა. რა მოხდა სინამდვილეში? ამ დანაშაულზე 2016 წლის ივნისში სასჯელი გამკაცრდა და თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ნაცვლად 2 წლის ვადით განისაზღვრა. თუმცა, მოსამართლემ დეკემბერში მომხდარ შემთხვევაზე კვლავ ძველი კანონი გამოიყენა.

მოსამართლის ამ საქციელით ყველა გაკვირვებული დარჩა: მეც, პროკურორიც, დარბაზში მჯდომი საზოგადოებაც, თუმცა ბრალდებული მადლიერი და კმაყოფილი იყო. მოსამართლემ ხო შანსი მისცა. საკითხავია, რისი შანსი მისცა მოსამართლემ? - ახალი ძალადობის ჩადენის?

არ ვიცი, კიდევ ექნება თუ არა ნდობა მსხვერპლ ქალს სახელმწიფოს მიმართ. ვის უნდა მიმართოს მოძალადემ თუკი ძალადობა გაგრძელდება? პოლიციას? პროკურატურას? ეს საქმეც გაივლის ჩვეულებრივ პროცედურებს და ბოლოს მაინც სასამართლომდე მივა. სახელმწიფომ დაზარალებულს უნდა აარიდოს შიში, რომ მომავალში ის შეიძლება აღმოჩნდეს იმავე/ახალი დანაშაულის წინაშე. ზოგჯერ, ეს სასამართლომ უნდა გააკეთოს. შეძლო კი ეს სასამართლომ? 

 

 

 

გოგა ხატიაშვილი საიას იურისტი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას