სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მშენებლობაზე საწარმოო შემთხვევის გამო გარდაცვლილი პირის არასრულწლოვანი შვილი სარჩოს მიიღებს

2023-07-04 15:22
Featured image

საია სასამართლოში იცავდა ბავშვის ინტერესებს, რომლის მამაც და ერთადერთი მარჩენალიც 2017 წლის 27 დეკემბერს მშენებლობაზე მუშაობის დროს სიმაღლიდან გადმოვარდნა და ადგილზე გარდაიცვალა. ბავშვმა მამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო მიიღო ძლიერი სულიერი ტრავმა და ასევე დაკარგა მარჩენალი.

საიას დახმარებით სარჩელი აღიძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დამსაქმებელი კომპანიის წინააღდეგ. მოსარჩელე ითხოვდა საწარმოო ტრავმის შედეგად მარჩენალის დაღუპვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, სარჩოს დაკისრებას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხე კომპანიას ბავშვის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს გადახდა სარჩელის აღძვრიდან სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე.

მოწინააღმდეგე მხარის მიერ ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები გასაჩივრდა სააპელაციო და საკასაციო წესით. საკასაციო სასამართლოს განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. შედეგად ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კომპანიას მოუწევს ბავშვისთვის სარჩოს გადახდა.

 

საქმეზე მუშაობდა საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი.