საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციააგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობაზე დაკვირვებას. 20:00 საათიდან დაიხურა კენჭისყრის უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა.
21:00 საათისთვის, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს უბანში 9 საჩივარი, ოლქში 10 საჩივარი, 21 შენიშვნა. იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი სახის დარღვევები:
საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება:
- ბორჯომის #23 უბანზე დაფიქსირდა, რომ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ორით მეტია ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობაზე ამომრჩეველთა სიაში. საარჩევნო უბნის კომისიის წევრის ახსნა-განმარტებით, გადაღლის გამო, გამორჩა ხელმოწერები ამომრჩეველთა სიაში. (ანალოგიური შემთხვევა დაფიქირდა დილით ბორჯომის #15 და #19 უბნებზე);
- ოზურგეთის #42-ე უბანზე დღის სამ საათზე ხელმოწერების და ბიულეტენების რაოდენობის გადამოწმებისას, აღმოჩნდა, რომ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ორით მეტია ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობაზე ამომრჩეველთა სიაში;
- ოზურგეთის #42 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი არ ახორციელებდა ამომრჩევლის პირადობის მოწმობის შემოწმებას. ამავე უბანზე რეგისტრატორმა ერთ-ერთ ამომრჩეველს აღმოუჩინა ვადაგასული პირადობის მოწმობა. შესაბამისად, ამომრჩეველს არ მიუცია არჩევნებში მონაწილეობა;
- ოზურგეთის #28 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი აპირებდა იმ ამომრჩევლისთვის ბიულეტენის გადაცემას, რომლის პირადობის მოწმობაც იყო ვადაგასული. საიას დამკვირვებლის მხრიდან შენიშვნის დაფიქსირების გამო, ამ ამომრჩეველმა ვადაგასული პირადობის მოწმობით არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ შეძლო;
- ოზურგეთის #4 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილმა ამომრჩეველმა, რომელიც უბანზე გამოცხადდა და გადასატანი ყუთით ხმა მიცემული არ ჰქონდა.
ამომრჩევლის ნების კონტროლი:
- ბორჯომის #3 უბანზე სამარშუტო ტაქსით ხდებოდა ამომრჩევლის მიყვანა უბანზე. ასევე, უბნის გარეთ იმყოფებოდნენ დაუდგენელი პირები, რომლებიც უბნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ;
- ოზურგეთის #17 და #20 უბნების გარეთ იმყოფებოდნენ დაუდგენელი პირები, რომლებიც უბნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2017 წლის 12 ნოემბერს თვითმმართველი ქალაქის/მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურს ქუთაისში, მარტვილში, ოზურგეთში, ხაშურში, ბორჯომსა და ყაზბეგში აკვირდება.
საიას ცხელი ხაზის ნომერია: 032 2 18 26 30
ასევე, არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.
2017 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შესახებ, შემაჯამებელ განცახდებას საია ხვალ, 13 ნოემბერს, დღის 12:00 სთ-ზე გააკეთებს.
საიას ადგილობრივი თვითმმართველობის კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.