დღის 14:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობაზე დაკვირვებას. ამ ეტაპისთვის ძირითადად ფიქსირდება პროცედურული დარღვევები. ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 39 საჩივარი უბანზე, 29 ოლქში და დააფიქსირეს 21 შენიშვნა.
ჩვენი დამკვირვებლები ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას ზუგდიდის #94 უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით.
ახალციხის #17 უბნიდან გასულ ავტომანქანას, რომელმაც ამომრჩეველთან გადასატანი საარჩევნო ყუთი წაიღო, გარედან აკრავს საარჩევნო პლაკატი საარჩევნო სუბიექტის ნომრის გამოსახულებით #48-ით.
გორის #96 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სამაგიდო სია დააზიანა. ამომრჩეველმა მოითხოვა, რომ შვილის ნაცვლად მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, რაზეც საუბნო საარჩევნო კომისიამ კანონის თანახმად, უარი განუცხადა. უარით გაღიზიანებულმა ამომრჩევლმა სამაგიდო სია დააზიანა.
მარნეულის #18 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი სათანადოდ არ ამოწმებდა პირადობის მოწმობებს, რის გამოც ოთხმა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა ვადაგასული პირადობის მოწმობით მიიღო. ამ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.
ქუთაისის #3 უბანზე დაფიქსირდა მარკირების გარეშე ხმის მიცემის ფაქტი. საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.
ქუთაისის #59 უბანზე საკონტროლო ფურცელი ისე მოათავსეს საარჩევნო ყუთში, რომ არ შეავსეს პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. აღნიშნულ ფაქზტე საიას დამკირვებელმა საჩივარი დაწერა.
ნაძალადევის #5 უბანთან მდგარ მანქანასთან უბნიდან გამოსულ ამომრჩეველთა ნაწილი მიდის და რამდენიმე წუთში ტოვებს ტერიტორიას. კონკრეტულად რა მიზნით ხდება ავტომანქანასთან ამომრჩევლების მისვლა, საიას დამკვირვებლისათვის უცნობია. მანქანაში მყოფ ერთ-ერთ პირს აქვს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ,,კავშირი 21-ე საუკუნის“ დამკვირვებლის მოწმობა.
ვაკის #13 უბანზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ დამკვირვებელი ხელს უშლიდა საიას დამკვირვებელს ფუნქციების შესრულებაში და ცდილობდა მის მიმართ უსაფუძვლო საჩივრის დაწერას. ინციდენტი ამ დროისათვის აღმოფხვრილია.
გადასატანი საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული საკითხები
- ქუთაისის #112 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული იყო 4 პირი. გადასატანს ყუთის უბნიდან გატანისას კომისიის წევრებმა ყუთთან ერთად წაიღეს 5 ბიულეტენი. გადასატანი ყუთის უბანზე დაბრუნებისას აღმოჩნდა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 3-მა ადამიანმა და უბანზე დაბრუნებულ იქნა 1 ბიულეტენით ნაკლები, ვიდრე უნდა დაბრუნებულიყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა;
- ბათუმის #6 უბანზე მისულმა ამომრჩეველმა კონვერტი ჩააგდო გადასატან საარჩევნო ყუთში.
ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი
- დიდუბის #42 უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სიით ხელში აღრიცხავდა უბანზე მისულ ამომრჩეველს. თავმჯდომარის მითითების შემდეგ მან უბანი დატოვა და მონაცემების შეგროვება უბნის გარეთ განაგრძო.
არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა უბანზე
- ნაძალადევის 74-ე უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის ყოფნა. კერძოდ, ,,დამკვირვებლის“ სტატუსით უბანზე იმყოფებოდა მოქალაქე მონიკა ფაჩულია, თუმცა, მის მოწმობაზე არ იყო მითითებული, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, უბნის თავმჯდომარემ მას უბანზე ყოფნის შესაძლებლობა მისცა. საიამ აღნიშნული დარღვევის შესახებ აცნობა ცესკოს, რის შემდგომაც დარღვევა აღმოიფხვრა და მონიკა ფაჩულიამ უბანი დატოვა;
- ბათუმის #41 უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, რომელმაც საიას დამკვირვებლის რეაგირებამდე უბანი დატოვა;
- საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან დაუდგენელი პირები და ახორციელებენ უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას (მთაწმინდის #36, საბურთალოს #60, #61; დიდუბის #10, #18, #19, #29, #42;ჩუღურეთის #16, #19, #37; გლდანის #35; მარნეულის #48 უბნები);
- ქობულეთის #32 უბანი ერთი საათის დაგვიანებით გაიხსნა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ უბანზე საარჩევნო ბიულეტენებს ჰქონდა ბეჭდური წუნი. ორი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და გიორგი ანდრიაძის ნომრები (48 და 51) არ იკითხებოდა;
- ნაძალადევის #49 უბანზე, კართან, დაუდგენელი პირი ახორციელებდა პირდაპირ რეჟიმში უბანზე მიმდინარე პროცესების გადაღებას. საიას დამკვირვებლის მითითების შემდგომ აღნიშნულმა პირმა გადაღება შეწყვიტა და ტერიტორია დატოვა;
- მარნეულის #64 უბანზე არ არის კაბინები შშმ პირებისთვის.
საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში დააკვირდება (400 დამკვირვებლის საშუალებით).
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 250-მდე საარჩევნო უბანში. 33 საარჩევნო ოლქში 50 მობილური ჯგუფისა და 59 ოლქის დამკვირვებლის მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას.
ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება:
- წინა არჩევნების დროს და წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე (აღნიშნული უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით);
- ეროვნული უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებულ ოლქებზე;
- საუბნო საარჩევნო კომისიების გარე პერიმეტრზე განვითარებული მოვლენებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა საქმიანობაზე (შსს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების შესრულებას);
- აგრეთვე, ინკლუზიური საარჩევნო გამორემო, მათ შორის რა მდგომარეობაა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური/საარჩევნო უფლებების რეალიზების კუთხით. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ქალი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის კვლევა.
არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი (ნომერი: 032 2 18 26 30), რომლის მეშვებით მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. საია, ასევე კონსულტაციას გაუწევს ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ 2 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: შალვა დადიანის #2/1). პრესკონფერენცია გაიმართება 28 ოქტომბერს: 18:00 საათსა და 21:00 საათზე. ხოლო 29 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 12:00 საათზე.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოსა და ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.