დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ. საბჭომ საკუთარი გადაწყვეტილება დაუკავშირა სასამართლოში საქმის განაწილების საკითხზე მამუკა ახვლედიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
საბჭოს წევრთა მოსაზრებით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ უგულებელყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნება, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და შეითავსა საბჭოს კომპეტენცია.
მიგვაჩნია, რომ საბჭოს გადაწყვეტილება თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უხეშად არღვევს კანონის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება თავმჯდომარის გათავისუფლებისთვის კანონით დადგენილ ნათელ და არაორაზროვან პროცედურებს. გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას და საბჭოს მხრიდან კანონის თვითნებურ და არასწორ გამოყენებაზე მიუთითებს. გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება არღვევს კონკრეტული მოსამართლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, მას ექნება გავლენა მთლიანად სასამართლო სისტემის შემდგომ განვითარებაზე, რამდენადაც ეს გადაწყვეტილება მიმართულია არამხოლოდ მამუკა ახვლედიანის მიმართ, არამედ წარმოადგენს ერთგვარ მითითებას სასამართლოს მთელი შემადგენლობისთვის, რომ კრიტიკული პოზიციების გამოხატვა საბჭოს მხრიდან მსგავსი მექანიზმების გამოყენებას გამოიწვევს.
კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ვადის ამოწურვამდე თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას კონკრეტული საფუძველი გააჩნია. ასეთ საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რაც შესაბამისი პროცედურით უნდა იქნეს დადგენილი. მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების სრულყოფილად ჩატარების შემდგომ, გადაცდომის დადგენის შემთხვევაშია შესაძლებელი ზემოქმედების ღონისძიების სახედ თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება. ამჟამად თავმჯდომარის გათავისუფლებისთვის სხვა სამართლებრივ საფუძველს კანონმდებლობა არ იცნობს. მოცემულ შემთხვევაში, თავმჯდომარის გათავისუფლება ამ პროცედურის დაუცველად კანონის უხეში დარღვევით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოება წლებია საუბრობს საქმეთა განაწილების წესის ხარვეზებზე, რაც სისტემურ პრობლემას წარმოადგენს და არ ეხება მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში საბჭო ამ და სხვა სისტემური პრობლემების წინააღმდეგ უმოქმედო და არაეფექტურია. ამ შემთხვევაშიც, საბჭოს გააქტიურება და მისი მხრიდან პრიორიტეტულად თბილისის საქალაქო სასამართლოს და კონკრეტულად მამუკა ახვლედიანის გადაწყვეტილებებით დაინტერესება მოჰყვა მის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წარმოადგენს შერჩევითი მიდგომის ნათელ მაგალითს და აძლიერებს ეჭვებს, რომ საბჭოს მოქმედება განპირობებულია კონკრეტული მოსამართლის მიერ გამოხატული კრიტიკული განწყობებით და ის არ ემსახურება სასამართლოში არსებულ პრობლემებთან სისტემურ ბრძოლას. ნაცვლად ამისა, საბჭო თანმიმდევრულად ცდილობს გამოიყენოს მის ხელთ არსებული რეპრესიული მექანიზმები მისთვის “არასასურველი” მოსამართლეების წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება ქმნის საშიშ პრეცედენტს, რომელიც მნიშვნელოვნად დააზიანებს ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას.