საია-მ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა დასკვნა პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კანონპროექტის მიხედვით, მოხდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების სამ კატეგორიად დაყოფა: პირველ კატეგორიაში შევლენ საჯარო დაწესებულებები, მეორე კატეგორიაში - ინტერნეტ პროვაიდერები (მაგალითად: მაგთი, სილქნეტი), ხოლო მესამე კატეგორიაში - კერძო სამართლის იურიდიული პირები. ინიციატივით განსაზღვრულია, რომ პირველ და მეორე კატეგორიაზე ზედამხედველობას განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ხოლო მესამე კატეგორიაზე კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო.
ინიციატივის მიხედვით, ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს უჩნდება უფლებამოსილება, პირდაპირი წვდომა ჰქონდეს პირველი კატეგორიის სუბიექტების ინფორმაციასა და ინფორმაციულ აქტივზე, ასევე ქსელურ სენსორებზე. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება, მოსთხოვოს ქსელური სენსორის დაყენება, ხოლო მასზე წვდომის უფლება, პროვაიდერის თანხმობით ექნება. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი ქსელურ სენსორზე წვდომისათვის სუბიექტის (პროვაიდერის) თანხმობას ითხოვს, აღნიშნული შეიცავს რისკს, რომ სააგენტოს ექნება წვდომა სენსორის მეშვეობით განახორციელოს მონიტორინგი, თუნდაც სახეზე არ იყოს პროვაიდერის თანხმობა. ქსელური სენსორის კონფიგურაციის წესს და იმას, თუ რა მოცულობის ინფორმაციაზე ექნება სააგენტოს წვდომა, განისაზღვრება მისი და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთობლივი ბრძანებით. გარდა ამისა, სააგენტოს შეუძლია მოსთხოვოს მეორე კატეგორიის სუბიექტს ინფორმაციასა და ინფორმაციულ აქტივზე წვდომა, ხოლო სუბიექტის თანხმობა აღნიშნულზე სავალდებულო არაა.
შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტით ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს პირდაპირი წვდომა ექნება საჯარო დაწესებულებების ინფორმაციაზე, მათ შორის პირადი სახის ინფორმაციასა და ქსელურ სენსორებზე, ხოლო ინტერნეტ პროვაიდერების მეშვეობით გაცვლილ ინფორმაციაზე, მას არაპირდაპირ ექნება წვდომა, რაც საშუალებას მისცემს სააგენტოს, გააკონტროლოს ინტერნეტში გასული ნებისმიერი ინფორმაცია.
საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცესი მიმდინარეობს არსებითი დარღვევებით, რადგან ითვალისწინებს ძირითად უფლებათა შეზღუდვის მნიშვნელოვან საფუძვლებს, ხოლო განხილვაში სავალდებულო კომიტეტის სახით არ მონაწილეობს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, წარმართოს საკანონმდებლო პროცესი ყველა შესაბამისი კომიტეტის ჩართულობით, არ დაუშვას კანონპროექტის მიღება შემოთავაზებული ფორმით და კანონპროექტის განხილვა მოხდეს მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და დისკუსიის შედეგად.