ფოტო : მაუწყებელი • Mautskebeli
გუშინ, 2024 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის წინ დაიწყო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის ადგილობრივი მოსახლეობისა და მათი მხარდამჭერების მიერ, რომლებიც უკვე 6 თვეზე მეტია აპროტესტებენ კომპანია ,,ჯორჯიან-მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად მათი საცხოვრებელი გარემოსა და საკუთრებისათვის მიყენებულ ზიანს.
საიამ ჯერ კიდევ 2024 წლის 11 აპრილს გააკეთა განცხადება და მოუწოდა:
- ხელისუფლებას, დაინტერესებულიყო შუქრუთში მიმდინარე პროტესტით, და ემოქმედა იქ მაცხოვრებელთა საკუთრების უფლებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
ამის მიუხედავად, სახელმწიფოს ამ დრომდე არ უღიარებია ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარება. მათ შორის, არ მიუღია ზომები იმ სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის აღმოსაფხვრელად, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა დგას.
- საჯაროდ გავრცელებული წყაროების მიხედვით (“მაუწყებელი”) გუშინ აქციის მონაწილეებს არ აძლევდნენ ღამის გასათევად საჭირო დასაფენის გაშლის შესაძლებლობას, მაშინ, როცა ამის უფლებას პირებს საქართველოს კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა აძლევთ, რომლებიც, მათ შორის,
იცავს კარვის დადგმის უფლებას, როგორც შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროს.
- მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეკრების თავისუფლების საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად არ დაუშვას აქციის მონაწილეთა უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვა.
- საია აქტიურად დააკვირდება შუქრუთის პროტესტს, ასევე, დააკვირდება იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვებს, რომლებიც შუქრუთის პროტესტის მონაწილეების მიმართ მიმდინარეობს.