სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

განცხადება ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

2022-11-03 10:56
Featured image

ფოტო IPN

 

2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა ნიკა გვარმიას,  კახაბერ დამენიას და ზურა იაშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. სასამართლომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა[1] და ნიკა გვარამია კვლავ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ  2015 წლის ეპიზოდზე სასჯელის სახით გამოყენებული  ჯარიმა - 50 000 ლარის ოდენობით, შეცვალა სამი წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთით.  შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ნიკა გვარამიას  საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა  თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურიდსტთა ასოციაციამ[2], საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ[3] და ადამიანის უფლებათა ცენტრმა[4] შეისწავლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი. განაჩენის შესწავლის და სხდომებზე დაკვირვების შედეგად, ორგანიზაციები მივიდნენ  დასკვნამდე, რომ ნიკა გვარამიას მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნებს, მის მიმართ გამოტანილი განაჩენი მთელი რიგი მიმართულებით ხარვეზიანი, დაუსაბუთებელი და უკანონოა. აღსანიშნავია, რომ პირველ ინსტანციაში გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ, რომლის  ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს საფუძვლიანი კითხვები.[5]

აგრეთვე, სახალხო დამცველმა ნიკა გვარამის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება, რომელშიცკანონმდებლობებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად მიიჩნია, რომ საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება, არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას უზრუნველყოფდეს.[6]

 ხელმომწერი ორგანიზაციები გავეცნობით თბილისისი სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულდასაბუთებულ განაჩენს, თუმცა ზემოთ ხსენებული გარემოებების ერთობლიობისა და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გვაფიქრებინებს, რომ სასამართლო ამ შემთხვევაშიც არ მოიქცა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით. 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

უფლებები საქართველო

 


[1] „თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ნ. გ-ს, კ. დ-სა და ზ. ი-ს მიმართ“ თბილისის საპელაციო სასამართლოს ვებგვერდი 02.11.2022. ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3zF0XWi, განახლებულია: 02.11.2022.

[2] „ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი საიას შეფასებით დაუსაბუთებელია“. ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3h6hBra , განახლებულია: 02.11.2022.

[3] 5 მიზეზი, თუ რატომ არის ნიკა გვარამიას განაჩენი დაუსაბუთებელი: ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3NsFcym, განახლებულია: 02.11.2022

[4] ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სამართლებრივი შეფასება, ხელმისაწვდომია: http://hrc.ge/files/40gvaramia-geo.pdf, განახლებულია 02.11.2022.

[5] იხ. სქოლიო 2 და 3.

[6] https://ombudsman.ge/res/docs/2019110416234655074.pdf