საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება გუშინ, 2013 წლის 28 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებულ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება.
ჩვენთვის მიუღებელია როგორც კომისიის შექმნის გაურკვეველი ვადით გადადება, ასევე ის მიზეზები, რაც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. კერძოდ კი ის, რომ ქვეყანა, თავისი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მზად არ არის მსგავსი კომისიის შესაქმნელად.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ შემდეგი:
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს კომისიისა თუ სხვა ანალოგიური ფუნქციის მქონე მექანიზმის მანდატი, შემადგენლობა და სხვ., ცალსახაა, რომ ქვეყანაში წლების განმავლობაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით არსებობდა და დღემდე პრობლემად რჩება უკანონო და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებებით გამოწვეული უფლებადარღვევის ფაქტები. აღნიშნული თავად სახელმწიფოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ აღიარა, როცა 2012 წლის 5 დეკემბერს გამოსცა დადგენილება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ და აიღო ვალდებულება ამ პირთათვის შეექმნა „სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმები.“ თუმცა, ცხადია, პრობლემის მასშტაბი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დაკავება.
მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებთან ასევე დაკავშირებულია უკანონო პატიმრების თემა. ეს პრობლემა პარლამენტის მიერ განხორციელებული ამნისტიის შედეგად არ ამოწურულა. საიაში საპატიმრო დაწესებულებებიდან შემოსული წერილების საფუძველზე ირკვევა, რომ არაერთი ადამიანი, ვინც დღემდე საპატიმროში იმყოფება, თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. ზოგიერთს სასჯელის უმაღლესი ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, მათ არც ამნისტია და არც შეწყალება შეეხოთ. ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ათასობით საჩივარია შესული წინა წლებში მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების გამოძიებისა და სავარაუდო დანაშაულებზე რეაგირების მოთხოვნით. თუმცა, გამოძიება ამ საკითხებზე ეფექტურად დღემდე არ მიმდინარეობს.
მრავალი ადამიანისათვის სათანადო სამართლებრივი მექანიზმის შექმნა სამართლიანობის აღდგენის, მათ შორის უკანონო პატიმრობის დასრულების პრაქტიკულად ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. ამ რეალობის გათვალისწინებით, დაუშვებელია სახელმწიფომ იგნორირება გაუკეთოს აღნიშნულ პრობლემას, მით უმეტეს, რომ ამ პრობლემის არსებობას სახელმწიფო თავად აღიარებს.
საიასათვის მიუღებელია მთავრობის ის არგუმენტი, რომელსაც კომისიის შექმნის გადავადება დაეფუძნა. ვერც ერთი პასუხისმგებლობით აღჭურვილი მოქალაქე, თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ვერ დარჩება გულგრილი სახელმწიფოს წინაშე მდგარი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. ამასთან, ვაცნობიერებთ იმ გარემოებას, რომ ახალ ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დარღვევის მასშტაბებით მძიმე მემკვიდრეობა ერგო, რაც სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან რესურსებს (მათ შორის ფინანსურს) მოითხოვს. მაგრამ არსებული გამოწვევების „მოგვარება“ სამართლიანობის ხარჯზე შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და დაცულ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებთან და თავისუფლებებთან, რომელთა უზრუნველყოფაც სახელმწიფოს უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს და ფინანსური რესურსის გაღება ამ ვალდებულების შესასრულებლად ნამდვილად ღირს. სხვაგვარი მიდგომა წაახალისებს და დააკანონებს უსამართლობას, ხელყოფს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელთა დასაცავადაც იქმნება ზოგადად სახელმწიფო.
გარდა ამისა, გაუგებარია, რა გათვლებისა და რა ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მივიდა მთავრობა იმ დასკვნამდე, რომ კომისიის შექმნა მოცემულ ეტაპზე სახელმწიფოს არ შეუძლია. მთავრობამ არც ის განმარტა თუ კონკრეტულად რა ფინანსური რესურსის გაღებას მოითხოვს ეს საკითხი სახელმწიფოსგან. გაუგებარია ისიც, თუ რატომ გახდა საჭირო ერთ წელზე მეტი დრო იმისთვის, რომ ხელისუფლება ამ დასკვნამდე მისულიყო და ისიც, თუ ბოლო დღეებამდე რატომ ისმოდა მუდმივი დაპირება, რომ კომისია შეიქმნებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, შესაბამისი პროცედურული ნორმების გამო, ფულადი ანაზღაურების გაცემის ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე ისედაც მხოლოდ კომისიის ამოქმედებიდან გარკვეული დროის (დაახლოებით 2 წლის) შემდეგ შეიძლება დამდგარიყო და არა უახლოეს მომავალში.
ამასთანავე, ერთია სახელმწიფოს ვალდებულება, სათანადო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით პასუხი გასცეს კითხვას დაირღვა თუ ამა თუ იმ პირის უფლებები, ხოლო მეორეა უფლებადარღვევის მსხვერპლს მისცეს შესაბამისი კომპენსაცია. მაშინ როცა შესაძლებელია მეორე ვალდებულების შესრულება დროში გადავადდეს და გარკვეულ დათქმებს დაექვემდებაროს, დაუშვებელია ანალოგიური მიდგომა პირველი ვალდებულების მიმართ. ზოგჯერ, გადადებული სამართალი - წართმეული სამართალია. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ უფლებადარღვევის მსხვერპლთათვის ხშირად არსებითი მნიშვნელობა საქმეზე სიმართლის დადგენას აქვს, ხოლო ფინანსური ფაქტორი, რიგ შემთხვევებში, მათთვის მხოლოდ მეორეხარისხოვანია.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, ისევე როგორც უკანონო პატიმრობისაგან თავისუფლების უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც აღიარებს და იცავს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო სამართალი (International Covenant on Civil and Political Rights, Article 14, (1966). ამასთან, საერთაშორისო სამართლით დადგენილია, რომ ვერც ერთი გარემოება - მათ შორის ომი თუ სხვა საგანგებო მდგომარეობა - ვერ გაამართლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის წართმევას (Human Rights Committee, General Comment 29, States of Emergency (article 4), U.N. Doc. CCPR/C/21/Rev.1/Add.11 (2001); Human Rights Committee, General Comment No. 32, Article 14: Right to equality before courts and tribunals and to a fair trial, U.N. Doc. CCPR/C/GC/32 (2007). საერთაშორისო სამართლით ასევე აღიარებულია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ყველას შეუქმნას დარღვეული უფლების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა (International Covenant on Civil and Political Rights, Article 2(3); Human Rights Committee, General Comment 31, Nature of the General Legal Obligation on States Parties to the Covenant, U.N. Doc. CCPR/C/21/Rev.1/Add.13 (2004). აღნიშნული უფლება აღიარებულია, როგორც ხელშეუხებელი, რომლის შეზღუდვას ვერანაირი გარემოება ვერ გაამართლებს (Human Rights Committee, General Comment 29, States of Emergency (article 4), U.N. Doc. CCPR/C/21/Rev.1/Add.11 (2001).
გარდა საკითხის სამართლებრივი მხარისა, ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ვერც გადაწყვეტილების პოლიტიკური მხარე. წინასაარჩევნო პერიოდშიც და შემდეგაც ერთ-ერთ უმთავრეს დაპირებას წარმოადგენდა „უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილებათა შედეგების აღმოფხვრა“ და „ათასობით უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის დარღვეული უფლებების აღსადგენად მათი საქმეების გონივრულ ვადებში გადასინჯვა.“ (საარჩევნო ბლოკი - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამა (2012, საპარლამენტო არჩევნები). პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისას, ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი (განურჩევლად იმისა, არის ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში) ვალდებულია, პასუხისმგებლობით მოეკიდოს მოქალაქეებისათვის დაპირების მიცემას. პასუხისმგებლობა, მათ შორის, გულისხმობს დანაპირების შესაძლო ფინანსური და ეკონომიკური შედეგების არა პოსტ-ფაქტუმ, არამედ წინასწარ შესწავლას.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას, გააანალიზოს თუ რა ფინანსურ რესურსს მოითხოვს ზემოაღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება, შეიმუშაოს კომპენსაციის გონივრულ ვადაში გაცემის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების დროში გაწერილი გეგმა და თავისი ძალისხმევა მის შესასრულებლად მიმართოს.