სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

გამოსახლების აქციაზე დაკავებული მოქალაქეების დაჯარიმება კრიტიკული აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად

2024-02-08 14:21
Featured image

ფოტო: მზია საგანელიძე

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებისას დაკავებული პირების დაჯარიმებას და მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით/საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან და ამასთანავე, მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას საზოგადოებაში.

23 იანვარს აღსრულების პოლიციის მიერ კეკელიძის #1-დან ოჯახის გამოსახლებას თან ახლდა მშვიდობიანი შეკრების მიმართ ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენება და დემონსტრანტების მასობრივი უკანონო დაკავება. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების ბრალდებით 18 პირი დააკავა, ხოლო ორი პირის, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამ დრომდე, თბილისის საქალაქო სასამრთლოს მოსამართლეებმა - ირაკლი ჩიკაშუამ და ნინო შჩერბაკოვმა - ადმინისტრაციული წესით დაკავებული 18 პირიდან 11-ის საქმე განიხილეს და ყველა შემთხვევაში დაკავებულები სამართალდამრღვევებად ცნეს. სასამართლომ თითოეული მათგანის მიმართ 2 000 ლარიანი ჯარიმა გამოიყენა სახდელად. 7 პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი კი კვლავ განიხილება.

როგორც 23 იანვრის მოვლენებზე დაკვირვება აჩვენებს, შეკრების დროს პოლიცია არ მოქმედებდა კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად: პოლიცია შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევდა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით კონკრეტულ, მკაფიო მითითებებს, არ აფრთხილებდა ძალის გამოყენების ან დაკავების თაობაზე, ასევე, დაკავებულებს არ განუმარტავდა სამართალდარღვევის არსს.

კრიტიკას იმსახურებს აღნიშნული საქმეების სასამართლოში განხილვის პრაქტიკაც. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი დადგენილებები ეფუძნება მხოლოდ პოლიციელის/პოლიციელების ჩვენებებს. თუმცა, პროცესებზე მოწმის სახით გამოკითხული სამართალდამცავები კონკრეტულად ვერ უთითებდნენ, როდის, რა ვითარებაში და როგორ არღვევდნენ ცალკეული პირები კანონს, ან როგორ მოხდა მათი დაკავება. სამართალდამცავები აგრეთვე თვითნებურად არ რთავდნენ დაკავებისას სამხრე ვიდეო-კამერებს, რომლის ჩანაწერებიც მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა სასამართლოსთვის.

მიუხედავად მტკიცებულების სიმწირისა და პოლიციელების ზოგადი, ზოგჯერ ურთიერთ-წინააღმდეგობრივი ჩვენებებისა, სასამართლომ ამ დრომდე გამოტანილ გადაწყვეტილებებში, სამართალდამრღვევებად ცნო შეკრების 11 მონაწილე. პასუხისგებაში მიცემულ თითოეულ პირს 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა სახდელად, შესაბამისად, ჯარიმების საერთო რაოდენობა უკვე აღწევს 22 000 ლარს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის გაზაფხულზე, მმართველი პოლიტიკური პარტიის ინიცირებით გაიზარდა სანქცია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, ასევე 48 საათამდე გაიზარდა ადმინისტრაციული დაკავების ვადა. გამკაცრებული კანონმდებლობა სულ უფრო აქტიურად გამოიყენება აქტივისტების და უფლებადამცველების გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ბერკეტად, გაზრდილ ჯარიმებს კი მსუსხავი ეფექტი აქვს აღნიშნული უფლებებით სარგებლობაზე.

გამოსახლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების მასობრივმა დაკავებებმა და რეპრესიულმა მეთოდებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სახელმწიფოს უუნარობა და მიდგომები სოციალური კრიზისების მართვის მიმართ. იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს არ რჩება საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილების და პროტესტზე რეაგირების პოლიტიკური მექანიზმი, კიდევ უფრო მეტად აქტიურად იყენებს სადამსჯელო კანონმდებლობას. საპოლიციო თვითნებობა და მკაცრი ადმინისტრაციული სანქციების უსაფუძვლოდ გამოყენება კი საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სტაბილურობას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს - შეწყვიტოს შეკრებების და მანიფესტაციების დროს მოქალაქეების მასობრივი დაკავების პრაქტიკა. ამავდროულად, სავალდებულო გახდეს სამართალდამცავებისთვის მოქალაქესთან კომუნიკაციის დროს სამხრე ვიდეო-კამერების ჩართვა;

საერთო სასამართლოებს - აქტივისტების საქმეები განიხილოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დაცვით და უზრუნველყოს დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც არ დაემყარება მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას;

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის სავარაუდო გამოყენებისა და ღირსების შელახვის ფაქტები;

საქართველოს პარლამენტს - დროულად უზრუნველყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კანონმდებლობის სისტემური რეფორმა;


 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)