სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ევროპული სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეებზე

2022-11-14 15:03
Featured image

2022 წლის 1 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე. განმცხადებლებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოში საკუთარი გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის მიეღწიათ და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერი მათი გენდერული იდენტობის შესაბამისად შეეცვალათ. 

ევროპულ სასამართლოში ორი განმცხადებლის[1] საქმეს ა. დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ №57864/17 და ა. კ. საქართველოს წინააღმდეგ №79087/17   პარტნიორ ორგანიზაციასთან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG აწარმოებდა[2], ხოლო მესამეს - ნიკოლო ღვინიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ №55353/19, ასევე, EHRAC-თან თანამშრომლობით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)[3]

სამივე განმცხადებელი თავს ტრანს მამაკაცად აიდენტიფიცირებს და მათი სოციალური როლი მამაკაცია. განმცხადებლებს სხვადასხვა სახის საქართველოს რეალობაში ხელმისაწვდომი ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურებიც აქვთ ჩატარებული და მდედრობითი სქესისთვის დამახასითებელი სახელებიც შეცვლილი აქვთ მამრობითი სქესისთვის დამახასიათებელი სახელებით. 

განმცხადებლებმა გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის 2014-2015 წლებში მიმართეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვეს ჩანაწერის ცვლილება. სამინისტროს დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული უარი კი სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ მათი არგუმენტები და წარდგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა და საქმის განხილვა ორი ინსტანციის სასამართლოში წარუმატებლად დასრულდა, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არცერთი საქმე წარმოებაში არ მიიღო. 

ა. დ.-ს და ა. კ.-ს საქმეები სტრასბურგის სასამართლოში 2017 წელს, ხოლო ნიკოლო ღვინიაშვილის საქმე - 2019 წელს გაიგზავნა. განმცხადებლები დავობენ მათ მიმართ ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-3 (არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე. 

ტრანს ადამიანები საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და იმ მინიმალურ სოციალური დაცვის სტანდარტებზეც კი, რომელიც ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამების სახით არსებობს, მათ წვდომა არ აქვთ[4]. ქვეყანაში მყარად ფესვგადმული ჰომოფობიისა და ტრანსფობიის და ლგბტქი თემის შესახებ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და სტერეოტიპების გავლენის გარდა, ტრანს ადამიანების მდგომარეობას თვითიდენტიფიკაციაზე დაფუძნებული გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის არარსებობა[5] და ტრანსსპეციფიკურ ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემები[6] კიდევ უფრო ამძიმებს. 

ევროპული სასამართლოს დადებით გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი როლი ექნება საქართველოში ტრანს ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს სათემო ორგანიზაციებს სახელმწიფო პოლიტიკის და საკანონმდებლო რეგულირების ადვოკატირების მიმართულებით.  

- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

 

 

 


[1] მათი საქმეები სასამართლომ ანონიმურად განიხილა ქვეყანაში არსებული მძიმე ჰომოფობიური და ტრანსფობიური მდგომარეობის გამო.  

[2] იხილეთ აქ: https://wisg.org/ka/news/detail/150/strasburgis-sasamartlo-ori-transgenderi-adamianis-sakmes-ganikhilavs

[3] იხილეთ აქ: https://www.gyla.ge/ge/post/transgenderi-mamakacis-genderis-samartlebriv-aghiarebaze-saqartvelos-uari-saiam-adamianis-uflebata-evropul-sasamartloshi-gaasachivra#sthash.NF68o5ww.dpbs

[4] აღდგომელაშვილი ე., „COVID_19-ის გავლენა ლგბტ(ქ)ი თემზე“, WISG, 174. ხელმისაწვდომია აქ: https://wisg.org/Data/docs/publications/research-study/WISG_Covid-impact-on-LGBTQI-community.pdf

[5] ბახტაძე ქ. „გენდერის სამართლებრივი აღიარება საქართველოში - პოლიტიკის დოკუმენტი“, WISG, 2022, ხელმისაწვდომია აქ: rebrand.ly/4tcva3k

[6] ბახტაძე ქ. „ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვის სერვისები - პოლიტიკის დოკუმენტი“, WISG, 2022. ხელმისაწვდომია აქ: rebrand.ly/dvvahb1