სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეკემბერი - იანვრის თვის წარმატებული საქმეები

2013-02-14 09:23
Featured image

1. საიას დახმარებით მოქალაქემ ფულადი კომპენსაცია მიიღო

საიას ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, თ.ლ-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. თ.ლ. „საქარველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა აღიარებისა და რეპრესირებულთა  სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ითხოვდა ფულად კომპენსაციას, რაც სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა თ.ლ-ს სასარგებლოდ ერთიანი ფულადი კომპენსაციის გაცემა 500 ლარის ოდენობით.
 
2. საიას დახმარებით, არასრულწლოვანს ალიმენტი დაენიშნა
საიას ადვოკატი მოსარჩელე ნ. ფ-ს სასარგებლოდ აწარმოებდა სამოქალაქო საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, საალიმენტო მოთხოვნის დაკისრებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ  არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ მოპასუხეს დააკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა  მის სრულწლოვნებამდე, ასევე, მოპასუხესვე დაეკისრა ალიმენტი წარსული პერიოდისთვის 8400 ლარის ოდენობით.
 
3. საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირის  მიმართ  სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
2013 წლის 21 იანვარს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულ მ. ც-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი  დევნა შეწყვიტა. მას ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა) ჩადენაში.
მ.ც. რესპუბლიკური პარტიის ჩოხატაურის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო და დაკავების მოტივად სწორედ მის პოლიტიკურ საქმიანობას მიიჩნევდა. პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული დამხმარე სათავსოდან, გადაუდებელი წესით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი. საქმეზე არსებული მტკიცებულებებით, არ დასტურდებოდა მ.ც-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ფაქტი. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა. 
მ.ც-ს ინტერესებს საიას ოზურგეთის ოფისი იცავდა. ადვოკატის მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებდა განსასჯელის უდანაშაულობას. მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ უარი თქვა ბრალდებაზე და, სასამართლოს დადგენილებით, მ.ც-ს მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა.
 
4. საიას ჩარევით, სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დაცვის მიზნით
2012 წლის 31 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის მ.თ-ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე. მის ინტერესებს სასამართლოში საიას ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესზე  დადასტურდა მ.თ-ს მიმართ მისი ყოფილი მეუღლის - ა.მ-ს მხრიდან ძალადობის ფაქტები. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და მას სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა მსხვერპლის მ.თ-ს მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება, ასევე, მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და ტელეფონზე კომუნიკაცია. დამცავი ორდერი გაცემული იქნა 5 თვის ვადით. რუსთავის საქალაქო  სასამართლოს გადაწყვეტილება მოძალადე ა. მ-ს მიერ არ გასაჩივრებულა და ის შესულია კანონიერ ძალაში.
 
5. საიამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე წარმატებით დაასრულა
საიას აჭარის ფილიალის ადვოკატი სასამართლოში იცავდა ა.ქ-ს ინტერესებს, რომელიც ჩარიცხულ იქნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა, ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, მეორე კურსიდან ვეღარ შეძლო სწავლის საფასურის გადახდა და სასწავლო წლის დაწყებისთანავე უარი განაცხადა სწავლის გაგრძელებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს არ მიუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა და მოითხოვა მისთვის სწავლის გადასახადის დაკისრება. მოსარჩელე მხარემ სასამართლოზე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ა.ქ-ს  მიერ აღნიშნულ  უნივერსიტეტში მეორე კურსზე სწავლების ფაქტი. ბათუმის საქალაქო  სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის  პოზიცია და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო. 
 
 
 
6. საიას დახმარებით სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილი პედაგოგი, სასამართლო გადაწყვეტილებით, აღდგენილ იქნა დაწყებითი კლასის მასწავლებლის თანამდებობაზე
საიას გორის ოფისი სასამართლოში წარმოადგენდა ნ.მ-ს ინტერესებს, რომელიც გორის #3 საჯარო სკოლაში მუშაობდა პედაგოგად და, ამავე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ნ.მ. მიიჩნევდა, რომ ის სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას, რასაც მისი შვილის განსხვავებულ  პოლიტიკურ  შეხედულებებს  უკავშირებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნ.მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ გორის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანება, ნ.მ აღდგენილ იქნა დაწყებითი კლასის მასწავლებლის თანამდებობაზე და აუნაზღაურდება იძულებით განაცდური ხელფასი. აღნიშნული გადაწყვეტილებით, შეიცვალა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკა. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რადგან დავა გამომდინარეობდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წარმოშობილი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობიდან, მასზე უნდა გავრცელებულიყო სპეციალური რეგულაცია, რაც დადგენილია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შემოწმებულიყო არა მხოლოდ შრომის კანონთან, არამედ სპეციალურ კანონთან მიმართებითაც. დამსაქმებელი ვალდებული იყო, მიეთითებინა შრომის ხელშეკრულების მოშლის კონკრეტული საფუძველი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სსიპ გორის #3 სკოლის დირექტორის 2013 წლის  21 იანვრის ბრძანებით, ნ.მ. აღდგენილ იქნა სამუშაოზე.
 
7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოქალაქის სასარგებლოდ ქმედების განხორციელება დაევალა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფელ სუფსაში ჩაატარა სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოქალაქე მ.ს-ს საკარმიდამო ნაკვეთში პირადი მოხმარებისათვის გაყვანილ სანიაღვრე მილს, მესაკუთრესთან შეუთანხმებლად, მიუერთა სოფლის კოლექტორი. სანიაღვრე მილმა ვერ გაუძლო დატვირთვას, გაიჭედა და დატბორა მ.ს-ს საცხოვრებელი სახლი. დაზარალებულმა მოქალაქემ დახმარებისათვის მიმართა საიას ოზურგეთის ოფისს. 
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ქმედების განხორციელება - სანიაღვრე კოლექტორის  ჩამოშორება მ.ს-ს  საკუთრებაში  არსებული  საკარმიდამო  მიწის ნაკვეთიდან და მისი გაყვანა ქუჩის მიმართულებით. გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული.