2018 წლის 12 იანვარს ბელაქნის (აზერბაიჯანი) რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო წაყენებულ ბრალდებებში და მას სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აფგან მუხთარლის უდანაშაულობის დადასტურება. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ბელაქნის რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევიდან უკვე რვა თვეა გასული საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე გამოძიების დეტალები და შედეგი. სერიოზული კითხვები ჩნდება გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ის რომ არ მომხდარა დეტალური განმარტება მომხდართან დაკავშირებით, არ გასაჯაროვებულა ამოღებული ვიდეო-მასალა, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს გამოძიებაზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობის შესახებ. დღემდე არ არის სათანადოდ შესწავლილი საქმეში სახელმწიფოს წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობის საკითხი.
მომხდარის არაეფექტური გამოძიება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის იმიჯს, რაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მიერ. მეტიც, როგორც ეს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული, „ევროპარლამენტი გმობს აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად, გამჭვირვალედ და ეფექტურად გამოიძიოს მუხთარლის ძალადობრივი გაუჩინარება“.
ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ დემოკრატიის შესახებ გავრცელებულ 2018 წლის ანგარიშში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება. დასკვნის ძირითად მიგნებებში ერთ-ერთი პირველი მოხვდა აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტი, ავტორიტარული რეჟიმის საზღვრებს მიღმა წვდომა "დემოკრატიისთვის ყველაზე საგანგაშო საფრთხედ" არის მოხსენიებული: „დევნილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს თბილისიდან ადამიანებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ქართულად ლაპარაკობდნენ, შემდეგ ის გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ეს აჩენს შეშფოთების საფუძველს, რომ გატაცებაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“ - ნათქვამია ანგარიშში.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მოგვიანებით კი ის აზერბაიჯანში, ბაქოში აღმოჩნდა დაკავებული. მუხთარლის ჩვენების მიხედვით, ის ქართული პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა და ქართულად მოსაუბრე პირებმა გაიტაცეს, რაც საქართველოში ამ საქმის ეფექტურ გამოძიებას საერთაშორისო დატვირთვას ანიჭებს. აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ბრალი წაეყენა საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდის და მესაზღვრეებისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღემდე არ დაკმაყოფილებულა „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ და მისი წევრი ორგანიზაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“1 მოთხოვნა აფგან მუხთარლისათვის და მისი მეუღლისთვის, ლეილა მუსტაფაევასათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ასევე არ მომხდარა ეფექტური გამოძიება ლეილა მუსტაფაევასა და აფგან მუხთარლის მეგობრის, დაშგინ აღალარლის სავარაუდო თვალთვალის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ ლეილა მუსტაფაევამ გამოძიებას სავარაუდო მოთვალთვალეთა ფოტოებიც წარუდგინა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება არ მომხდარა.
აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება და მისი წარმოშობის ქვეყანაში გადაყვანა არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. საქართველო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერია, ვალდებულია უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, მათ შორის, აზერბაიჯანის მოქალაქეთა უსაფრთხოება საქართველოში და არ დაუშვას მათი იძულებითი გადაცემა წარმოშობის ქვეყანაში, სადაც ისინი შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარონ.
ხელმომწერი ორგანიზაციები ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ:
საქართველოს მთავრობას:
საქართველოს პროკურატურას:
1 „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ მის წევრ ორგანიზაციასთან „კონსტიტუციის 42-ე“ მუხლთან ერთად, აფგან მუხთარლის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავს, სადაც 2017 წლის 19 ივლისს წარადგინა საჩივარი - აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ.
1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
2. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)
3. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
4. საფარი
5. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
6. მედიის ინსტიტუტი
7. საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
8. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
9. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)
10. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
11. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
12. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
13. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)