ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით რა 2013 წლის 17 მაისს თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ კონსტიტუციური თანასწორობის პრინციპის დაცვის მნიშვნელობაზე, მსგავსი სამწუხარო მოვლენების გამომწვევ მიზეზებზე და მათ თანმდევ უარყოფით შედეგებზე.
უპირველეს ყოვლისა, როგორც დამკვირვებელ ორგანიზაციათა თავდაპირველ შეფასებაში აღინიშნა, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით პოლიციის მიერ შემუშავებული სტრატეგია და ზომები არაადეკვატური იყო. ფაქტია, რომ რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები გასცდა „მშვიდობიანი აქციის“ ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ხასიათი, რამაც საფრთხე შეუქმნა როგორც საზოგადოებრივ წესრიგს, ისე კონკრეტულ პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უწყებებს თავიდანვე სათანადოდ უნდა შეეფასებინათ სათანადო რისკები და მაქსიმალურად უზრუნველეყოთ აქციის მონაწილეთა უფლებების დაცვა. არაეფექტურად განხორციელდა რეაგირება კონტრდემონსტრანტების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მიმართაც, რამაც გამოიწვია სხვადასხვა აგრესიული ჯგუფების უკონტროლო ძალადობა თბილისის ქუჩებში და საზოგადოებას შეუქმნა დაუცველობის შიში.
ვთვლით, რომ 17 მაისს გამოვლენილი მასობრივი ძალადობის ფაქტებზე მნიშვნელოვანია ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველყოფა და ყველა სამართალდამრღვევი პირის, განსაკუთრებით კი ორგანიზატორების გამოვლენა და სათანადო დასჯა. ოთხი პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა, ასევე ორი სასულიერო პირისა და ორი მოქალაქისთვის ბრალის წაყენება მიანიშნებს, რომ სახელმწიფო დგამს გარკვეულ ნაბიჯებს სამართალდამრღვევ პირთა პასუხისმგებლობის დაყენების კუთხით. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ეფექტური და სრულყოფილი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია, ეს პროცესი გაგრძელდეს და საზოგადოებას დროულად მიეწოდოს ინფორმაცია მისი შედეგების თაობაზე. ამ მიმართებით მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომხდარს ადეკვატური რეაგირება უნდა მოყვეს.
სახელმწიფოს მიერ დამნაშავე პირების დასჯას საზოგადოებაში გავრცელებული ძალადობის ფაქტების აღსაკვეთად უპირველესად პრევენციული ფუნქცია აქვს. მომხდარის სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება კი ქმნის საფრთხეს, რომ ამგვარმა მასობრივმა, ძალადობრივმა ქცევამ განვრცობითი და განგრძობადი ხასიათი მიიღოს და უკიდურესად მძიმე ფორმებით გამოვლინდეს. 17 მაისის შემდეგ ლგბტ თემის წარმომადგენლებისა და განსხვავებული ჩაცმულობის პირთა მიმართ დაფიქსირებული ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტები აღნიშნულ საფრთხეების რეალურობას ცხადყოფს. საფრთხე შეიძლება წარმოქმნას სხვა უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. სწორედ ამიტომ აუცილებელია ამ კუთხით კომპლექსური და პრევენციული ზომების მიღება. პირველ რიგში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ დროულად და დეტალურად უნდა მოხდეს საქმის გამოძიება, ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. ამასთან, ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პოლიციამ დროულად შეიმუშავოს და განახორციელოს ლგბტ პირების მიმართ ძალადობის რისკებზე ეფექტური რეაგირებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკა.
უპირველეს ყოვლისა, გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო წარმოადგენს სეკულარულ სახელმწიფოს, რომელშიც სახელმწიფო ხელისუფლება და ეკლესია გამიჯნულია და ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ უზრუნველყოს აღნიშნული პრინციპის პრაქტიკული განხორციელება და კანონმდებლობა და მოხელეთა ქცევა სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს კონსტიტუციურ სტანდარტებთან. მან ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ სახელმწიფო უწყებები თავისუფალი იყვნენ რალიგიური გავლენებისაგან. სეკულარულ სახელმწიფოში კონსტიტუციური წესრიგი და გარანტიები მაღლა დგას ნებისმიერი რელიგიის ან ჯგუფის მორალურ შეხედულებებზე. სახელმწიფო დისკრიმინაციის გარეშე უნდა იცავდეს და თანასწორად განიხილავდეს ნებისმიერ პირს. ამ კონტექსტში დამაფიქრებელია იმ პოლიტიკოსთა შეფასებები, რომლებიც საჯაროდ აღნიშნავდნენ, რომ მათვის უპირატესი რელიგიური დოგმებია და არა საქართველოს კანონმდებლობა. უფრო მეტიც, შემაშფოთებელია, რიგი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებები. მიგვაჩნია, რომ ამ უკანასკნელთ შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
სამწუხაროა, რომ აღნიშნული მოვლენების გაშუქებისას მედია საშუალებათა ნაწილი თავად იყენებდა სიძულვილის ენას, ხოლო ნაწილი სიძულვილის ენის გამტარად გვევლინებოდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის მედია ეთიკის სტანდარტებთან. 17 მაისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა აუცილებლობა იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მედია უფრო მეტად უნდა იყვნენ ორიენტირებული ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს წახალისების მიზნით საჯარო დისკუსიის გაძლერებიისკენ.
ხელმომწერი ორგანიზაციები ვიზიარებთ იმ სირთულეებსა და გამოწვევებს, რომლის წინაშეც ამ ეტაპზე სახელმწიფო დგას და გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩვენი რესურსებისა და მანდატის გათვალისწინებით, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში პლურალისტული, ტოლერანტული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული გარემოს განვითარებას.
იმავდროულად, აუცილებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღოს ეფექტური პრევენციული ზომები მისი მრევლისა და სასულიერო პირების მხრიდან მომავალში ძალადობრივი ქმედებების თავიდან აცილების მიზნით და გააძლიეროს მისი ძალისხმევა საზოგადოებაში მშვიდობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული ღირებულებების დამკვიდრებისთვის ამავე განცხადებით მოვუწოდებთ ყველა სათანადო სახელმწიფო უწყებას, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს დღეს, 24 მაისს დაგეგმილი აქციის „არა თეოკრატიას“ მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)