პლატფორმა "არა ფობიას” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებისას, სპორტული კომენტატორების მიერ გაკეთებულ ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს და მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ კომენტატორებს, თავი აარიდონ დისკრიმინაციული განწყობების გაღვივებას.
22 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სერბეთი-შვეიცარიის მატჩის ტრანსლირებისას, სპორტული კომენტატორების, გიგა გვენცაძის და დავით ბანანაშვილის მხრიდან, ადგილი ჰქონდა ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს.
შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობის განხილვისას კომენტატორებმა ყურადღება ფეხბურთელების რასობრივ წარმომავლობაზე გააკეთეს:
დავით ბანანაშვილი: "შვეიცარიის ნაკრებში, წმინდასისხლის შვეიცარიელი ძალიან ცოტა ფეხბურთელია, ვინც ძირითად შემადგენლობაში თამაშობს... მეკარე სომერზე თუ ვიტყვით ამას და რამოდენიმე მოთამაშეზე..."
გიგა გვენცაძე: "შაჩირი, ჯაკა, ბეჰრამი, ჯემაილი, ნახევარი გუნდი შვეციარიის ნაკრების წარმოშობით ალბანელები არიან."
დავით ბანანაშვილი: "არც რიკარდო როდრიგესია სუფთა სისიხლის შვეიცარიელი, ესპანელ ჩილელი, აკანჟინიგერიელია."
ფეხბურთელთა რასობრივი კუთვნილების მიხედვით დაყოფა და პიროვნების დახასიათება ბიოლოგიური წარმომავლობის ნიშნით („სუფთა (წმინდა) სისიხლის") ქსენოფობური და რასისტული განწყობების მატარებელია.
,,მაუწყებლობის შესახებ" კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: ,,იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას."
მოცემულ შემთხვევაში კომენტატორებმა მოახდინეს ფეხბურთელების ისეთ თვისებაზე ხახგასმა, როგორიცაა მათი ეთნიკური კუთვნილება. პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე, არ არსებობდა ეთნიკურ კუთვნილებაზე განსაკუთრებული ხაზგასმის აუცილებლობა. შესაბამისად, ჩვენი აზრით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია მაუწყებელთა შესახებ კანონის 56-ე მუხლი.
მოვუწოდებთ სპორტულ ჟურნალისტებს და საზოგადოებრივ მაუწყებელს გაითვალისწინონ კანონმდებლობით და მაუწყებლობელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც გააღვივებს არატოლერანტობას, რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
ტოლერანტობის და მრავალფეროვნები
BBSA-საქართველო
საფარი
თანასწორობის მოძრაობა